მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, არ შეუშინდეთ დროის გამოწვევებს, თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს, – ამ სიტყვებით მიმართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს სააღდგომო ეპისტოლეში.
პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში სიხარულსა და სიყვარულზე ამახვილებს ყურადღებას. ილია მეორე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხარისხობრივად რა მდგომარეობას განვიკუთვნებთ ზეცაში ან ქვესკნელში.
“მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს გაუტეხელ, ქრისტესმოყვარე ერს – არ შეუშინდეთ დროის გამოწვევებს, თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს. ჩვენ მაცხოვრის ეკლესიის წევრნი ვართ და ისეთი ბედნიერება გვაქვს მონიჭებული, რომ ვერავითარი გარემოპირობები ამ სიხარულს ვერ დაჩრდილავს. რა სიხარულია ეს? ეს არის სიხარული, უპირველეს ყოვლისა იმისა, რომ ჩვენ გამოხსნილნი ვართ. მოხდა სასწაული, რომელსაც ათასობით წლის მანძილზე ელოდებოდა ადამის მოდგმა და ეს სწორედ დღევანდელ დღეს განხორციელდა. სიხარული გვაქვს იმისა, რომ ვინც ქრისტეს სახელით ჭეშმარიტ ეკლესიაში ინათლება, ღვთისგან, როგორც საბოძვარს იღებს სულიწმინდის მადლს, უფალთან ერთობას და ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც აღმოფხვრილია ადამისეული ცოდვის ის ფესვი, მთელი თაობები სიკვდილს რომ დაუქვემდებარა. სიხარული გვაქვს იმისა რომ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ღვთის შემწეობით და ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვოთ ის მდგომარეობა, რისთვისაც სამოთხეში მყოფ ჩვენს პირველმშობლებს უნდა მიეღწიათ“, – ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.
იხილეთ:
პატრიარქის 2018 წლის სააღდგომო ეპისტოლე – სრულად