LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია დარჩიაშვილი: „წარმოგიდგენიათ რას მეკითხებით? არ გაგცემთ პასუხს, რადგან კითხვა არასერიოზულია – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ნებისმიერი აქტივობა როგორ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად?!“

132
ილია დარჩიაშვილი

„წარმოგიდგენიათ რას მეკითხებით? არ გაგცემთ პასუხს, რასაც თქვენ მეკითხებით არასერიოზულია – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ნებისმიერი აქტივობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებული არ არის, როგორ შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს ?!“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით მინისტრმა უპასუხა კითხვას: „მიიჩნევს თუ არა მას ლეგიტიმურად რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებს“.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვას აგრძელებს.

„მოგიწოდებთ გაეცნოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და იქ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას, მთლიანად ამოიკითხავთ.

ის, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობა არ აქვს მართოს პროცესები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ მიმდინარე ნებისმიერი აქტივობა არის პასუხისმგებლობა ადგილზე ეფექტური ძალის განმახორციელებელი ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი ქვეყნის მხრიდან, ეს ცალსახაა, ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს.

ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ძალიან ბევრი გამოხმაურებები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტს მხარდამჭერი იყო. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა იმისთვის, რომ ამ პროცესში ჩვენი მხარდამჭერი, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო პარტნიორი იყოს.

შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვას. ერთი მხრივ, ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც არის მთავარი ქვაკუთხედი იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს და ამ მიმართულებით ჩვენ მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ეს არის“. – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე დღეს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უწყება გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივად ჩართვის მიზნით.

გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

„ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერი არჩევნების ჩატარება უკანონოა ოკუპაციის ფონზე, რაც დადგენილია მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებით, და იმ პირობებში, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ მოსახლეობას კვლავ არ ეძლევა საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ“. – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის ცესკოს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინი 87,26 პროცენტით იმარჯვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები