„რაიმე ცვლილება არასდროს არ უნდა გამორიცხო, არც არჩევნების შემდეგ და არც არჩევნების წინ და, საერთოდ, ცხოვრებაში ცვლილებები არ არის გამოსარიცხი, ნებისმიერ ასპექტში,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უარყო ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით და თქვა, რომ საზოგადოებას განზრახ აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირებაა.
„როდესაც განზრახ მიდის ინფორმაციის მიწოდება ხალხისთვის, რომ თურმე კალაძე ეჩხუბება პრემიერს, თურმე ირაკლი კობახიძე დაპირისპირებულია სხვა წევრებთან, თურმე პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს – ეს არის ერთ-ერთი ფანდი, მეთოდი, რომელიც უკვე საკმაოდ მოძველებულია.
თითქოს არასტაბილური მდგომარეობაა, სააკაშვილი საზღვარზე გადმოვიდა, შემოიპარა, საზღვარი მორღვეულია, სტრუქტურები არ არსებობს, ვერ და არ დამიჭერენ. ზოგადად ეს ფრაზები და მოქმედებები არის მიმართული იმისკენ, რომ შეივსოს ის სტრატეგია, რასაც ქვეყნის რყევა ჰქვია,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, „ამხელა ტირადა იმიტომ თქვა, რომ საზოგადოებამ თვითონ დაასკვნას, რომ ასეთი ცვლილებები არ იქნება.“
„მე ვამბობ, რომ რასაც ამბობენ, ეგ ცვლილებები არ იქნება. თუ სადმე რაიმე ცვლილება მოხდა, საზოგადოებას პირველი ეცოდინება და უკეთესობისკენ იქნება, პრემიერთან და სხვა ლიდერებთან დაკავშირებით აგორებულ ჭორებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია,“ – განაცხადა ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.