მეცნიერებმა საიდუმლოებით მოცული რადიოსიგნალები დააფიქსირეს, რომლებიც მეზობელი გალაქტიკიდან მოდის. საინტერესოა, რომ გალაქტიკა ძალიან ჰგავს ჩვენს საკუთარ, „რძიანი გზის“ გალაქტიკას.
ასტრონომები სწრაფი რადიოტალღების აფეთქებებს უკვე ათწლეულზე მეტია იკვლევენ. ამ პერიოდის განმავლობაში, მათ ასობით სიგნალი დააფიქსირეს, თუმცა მათი უმეტესობის შესწავლა დღემდე ძალიან რთული საკითხია, რადგან თითოეული ეს სიგნალი მხოლოდ რამოდენიმე მილისეკუნდს (1 წამი = 1000 მილისეკუნდი) გრძელდება და ცის ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება მოდიოდეს.
აქამდე მეცნიერებს მსგავსი სიგნალების მხოლოდ ოთხი წყარო ჰქონდათ ნაპოვნი, ახლა კი მიაკვლიეს მეხუთეს, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, მეზობელ გალაქტიკაში მდებარეობს.
შესაძლებელია თუ არა, რომ ეს რადიოსიგნალები უცხოპლანეტელების გამოგზავნილი მესიჯები იყოს? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რაზე პასუხის გაცემასაც მკვლევართა ჯგუფი ცდილობს.
რადიოსიგნალების პირველი წყარო პატარა გალაქტიკაში დაფიქსირდა, რომელიც მეტალებისა და ახალდაბადებული ვარსკვლავებისაგან შედგებოდა, რამაც მეცნიერებს აფიქრებინა რომ სიგნალები შესაძლოა სწორედ ვარსკვლავებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ახლახანს აღმოჩენილ მეზობელ გალაქტიკაზე იმავეს ვერ ვიტყვით.
სიგნალების ახლადაღმოჩენილი წყარო, სახელად FRB 180916 დედამიწისაგან ნახევარი მილიარდი სინათლის მანძილზე მდებარეობს და იგი ჩვენს პლანეტასთან გაცილებით ახლოსაა, ვიდრე ნებისმიერი მსგავსი სიგნალების ოთხი წყაროდან.