საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში ტექსტის ფოტოს ავრცელებს, რომელიც მისი თქმით, ყინწვისის მონასტრის შესასვლელშია გამოკრული.
ტექსტში “გამომწვევად გამოწყობილი” ქალები არიან გაკიცხულნი.
კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებელები წერენ, რომ ისინი მონასტერში შარვლითა და მუხლებამდე მოსაცმელით არ შეუშვეს.
“ფორტუნა” ესაუბრა რუის–ურბნისის ეპარქიაში მორჩილს, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის ამონარიდი მამათა წერილებიდან, რომელიც მეუფე იობმა რამდენიმე ტაძარში გააკვრევინა. თუმცა, რამდენად არის ის გამოკრული ყინწვისის მონასტერშიც, ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.
“ფორტუნა” ესაუბრა ყინწვისის მონასტრის წინამძღოლს მამა ეფრემსაც, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი ტექსტი მონასტერში გამოკრული არ არის და იქ მხოლოდ გარკვეული აკრძალვების შესახებ არის განთავსებული ინფორმაცია. კერძოდ, არის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ტაძარში შესვლა არ შეიძლება შორტითა და შარვლით, ასევე აკრძალულია ფოტოაპარატის გამოყენება.