იბიცას აეროპორტმა მუშაობა ძაღლის გამო შეწყვიტა. საფრენ ბილიკზე მოსეირნე ცუგას გამო ათობით რეისმა აფრენა ვერ შეძლო. როგორც ესპანეთის საჰაერო ტრანსპორტის მართვის სააგენტოში განაცხადეს, ცხოველმა მათ მართლაც დიდი დისკომფორტი შეუქმნა. მაგალითად, რეისი რომელიც ლონდონიდან იბიცას მიმართულებით სრულდებოდა, დანიშნულების ადგილზე ვერ ჩაფრინდა და პილოტს დაჯდომა პალმას აეროპორტში მოუხდა. პიტბული საფრენ ბილიკზე დილის 08:00 საათზე შეამჩნიეს და არეულობაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. აეროპორტის თანამშრომლებს მის დასაჭერად მაშველებისა და პოლიციის გამოძახება მოუხდათ და ეს პროცესი ლამის ერთი საათი გაგრძელდა.