LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იავნანამ“ 15 სტუდენტი დააფინანსა – სალონური კონცერტი საქველმოქმედო ფონდში

351

„იავნანას“ დაფინანსებით კიდევ 15 სტუდენტი ისწავლის. ამის შესახებ საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნებულმა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებსა და ცნობილ მომღერლებს დღეს განუცხადა, რომლებიც ფონდის ოფისში შეიკრიბნენ. ხვალ ცნობილი საოპერო შემსრულებელი პროკურატურაში „იავნანას“ თემასთან დაკავშირებით გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხუთი თვეა, ამ საქმის ყველა დოკუმენტაცია პროკურატურაში დევს და ხვალ ის პროკურატურის კითხვებსაც უპასუხებს და თავადაც დაუსვამს შეკითხვებს მათ.

სალონურ კონცერტზე, რომელიც „იავნანას“ ფონდში მომღერლის გამოკითხვამდე ერთი დღით ადრე გაიმართა, წარდგნენ ანსამბლი „შვიდკაცა“ და ოთარ ჯორჯიკია, ასევე პიანისტი სანდრო გეეგჭკორი, რომელიც სწორედ „იავნანას“ სტიპენდიატი გახლავთ და წელს ავსტრიაში გამართულ კონცერტზე გრან-პრი აიღო…

პაატა ბურჭულაძე:

დღეს გავმართეთ სალონური კონცერტი. როცა ჩამოვდივარ, სულ ვატარებთ. ეს ის სალონია, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები მასტერკლასებს ატარებენ, როცა ის თავისუფალია, სტუდენტები მეცადინეობენ. დღეს დაფინანსდა კიდევ 15 სტუდენტი, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი დღეა…

 

ოთარ ჯორჯიკია, საოპერო მომღერალი:

არაერთხელ ვარ აქ ნამყოფი. იმედი მაქვს, არ მოიშლება ეს ფონდი და არ მიეცემა დავიწყებას „იავნანას“ გაკეთებული საქმეები. ამ ფონდის მიმართ რაღაც ვერ არის, არ მინდა, სხვა სიტყვა გამოვიყენო. რეალურად, „იავნანამ“ უდიდესი საქმეები გააკეთა, გარდა ამისა, შეიტანა დიდი წვლილი ქვეყნის კულტურული ცხოვრების განვითარებაში. მსოფლიო დონის კონცერტები იმართებოდა, ახლა კი ხალხი ვეღარ ხედავს სცენაზე კორიფეებსა და ოსტატებს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება…

მარინა ბერიძე, მუსიკალური პროდიუსერი:

პაატა ბურჭულაძის შემოქმედებისა და მისი ფონდის საქმიანობის, ასე ვთქვათ, მემატიანე ვარ, პირველი წუთიდანვე… არ ვიცი, რა ეშველებოდა ჩვენს ქვეყანას, რომ არ ყოფილიყო პაატა ბურჭულაძე და „იავნანა“. მე ჩემი სფეროდან გამომდინარე ვამბობ, ვიცი, რამდენ ადამიანს დაეხმარა ამ კუთხით – თუკი ვინმე დგას საზღვარგარეთ სცენაზე და მღერის, ბევრ ახალგაზრდა მუსიკოსს სწორედ „იავნანას“ სტიპენდია აქვს მიღებული. პაატა ბურჭულაძე აკეთებს იმას, რაც, წესით, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს!. უნდა ვიამაყოთ მისით, ფონდით და ვისწავლოთ ბუმბერაზების ხელის გულზე ტარება, რაც დღეს, სამწუხაროდ, არ გამოგვდის.

სოსო ბარათაშვილი, ფონდ „იავანანას“ ადვოკატი:

ხვალ მოხდება ბატონი პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, ბატონი პაატა მზად არის, სასამართლოს მისცეს ამომწურავი ჩვენება ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველა მონაცემი არის გამჭირვალე და ეს გამოძიებისთვის კარგადაა ცნობილი. მიმაჩნია, რომ ეს გამოკითხვა ჩაივლის მშვიდ ვითარებაში. ყველა თეთრი ფონდიდან მიზნობრივად არის დახარჯული.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1929037703787716/

 

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები