LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაშვილის კლინიკა: „აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა – ფაქტია, რომ მედიკამენტს ეფექტი აქვს“

131
იაშვილის კლინიკა

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ ინფორმაციით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა.

კერძოდ, როგორც „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ ამბობენ, მედიკამენტ „ვოსორიდიტს“ ეფექტი ნამდვილად აქვს, ჯამში კი ინექციებს 11 ბავშვი იღებს.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ინიექციის მიღების შემდეგ დაფიქსირდა ალერგიული რეაქცია და წნევის ვარდნა, რაც სამკურნალო პროტოკოლის მიხედვით ნორმალურია.

„გუშინ ახალი ნაკადი მივიღეთ, კერძოდ, 5 ბავშვი დაგვემატა, ჯამში 11 ბავშვი მკურნალობს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიდიტით“. პირველ ნაკადში 6 ბავშვი იყო, რომელიც 15 ნოემბრიდან და 15 იანვრიდან გვყავს.

ყოველდღიური ინექციებია, კლინიკაში დაყოვნებისთვის კი 1 საათია განსაზღვრული. 5-დან ერთს ჰქონდა ადგილობრივი ალერგიული რეაქცია ინიექციის შემდეგ, რაც ნორმალურია. ასევე იყო წნევის ვარდნაც, რაც მოსალოდნელია. ასეთი ბავშვებს ცოტა უფრო დიდხანს ვაყოვნებთ კლინიკაში დაკვირვებისთვის, შემდგომ კი ბინაზე ვუშვებთ.

„თავიდან პატარა რეაქცია მისცა, ოდნავ დაფოთლა – აკვირდებოდნენ, მაგრამ მალევე გაუფერმკრთალდა, უკვე გამოგვიშვეს“ – მაკუნა გოჩიაშვილი პირველ დოზის მიღების შესახებ წერს

პირველ ნაკადში მედიკამენტის ეფექტურობა შევაფასეთ მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის ვადაში. 15 ნოემბერს დავიწყეთ ინიექციები და 15 თებერვალს გავაკეთეთ შეფასება, რომლის საფუძველზეც, 4 ბავშვთან 3 თვის განმავლობაში მივიღეთ 1 სმ და 4მმ, 1 სმ და 8 მმ-იანი ზრდა, ასევე 3 და 2 სმ- იანი ზრდა.

ძალიან ეფექტური იყო. ყოველ სამ თვეში ვაკეთებთ შეფასებას. ფაქტია, რომ მედიკამენტს აქვს ეფექტი და გამოხატული იყო პირველ სამ თვეში, ვნახოთ რა იქნება მომავალში. ინდივიდუალურია, შენარჩუნდება თუ არა ეს ტემპი“. – აღნიშნა პედიატრმა ეკა კანდელაკმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.