LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იარაღი იქონიეთ: რას ურჩევდნენ ქალ მძღოლებს ასი წლის წინ

128

მეოცე საუკუნე სქესთა თანასწორობის ბრძოლის მთავარი მოედანი იყო, ქალი საჭესთან კი ერთ-ერთი მკვეთრი მანიფესტი გენდერულ საკითხებში. თუმცა, მაშინ ავტომობილებსაც დიდი მოვლა სჭირდებოდათ და გზებიც ძალიან ცუდი იყო. სწორედ ამიტომ, ქალბატონების დასახმარებლად 1909 წელს გამოვიდა სახელმძღვანელო „ქალი და ავტომობილი“ და მასში რამდენიმე გასაოცარი რჩევაა წარმოდგენილი. ეს საინტერესო ისტორია გამოცემა Jalopnik-მა გაიხსენა.

წიგნის ავტორს, დოროთი ლევიტს უბრალოდ სურდა, რომ ავტომობილის მართვის პერსპექტიკა სხვა ქალებისთვის შემაშინებელი არ ყოფილიყო და ამიტომ ძალიან მარტივი ენით გადმოსცა ავტომობილისტის ცხოვრების საიდუმლოებები.

რა თქმა უნდა ყველაფერი ეკიპაჟის შერჩევით იწყება. აქ დოროთი რეკომენდაციას ერთცილინდრიან De Dion-ს უწევს, რომელსაც ფიზიკური ძალა არ სჭირდებოდა და მართვაც მარტივი იყო. სიმძლავრე კი მთელი რვა ცხენის ძალა გახლდათ.

შემდეგი რეკომენდაცია ავტომობილის ყველა სახელურისა და ინსტრუმეტის შესწავლა იყო. დოროთი წერს, რომ მათი მუშაობის პრინციპი უნდა შეესწავლათ, რომ ნებისმიერი გაუმართაობა მარტივად აღმოეჩინათ.

გამგზავრების წინ, დოროთი რეკომენდაციას უწევდა ზეთისა და ბენზინის შემოწმებას, სტარტის შემდეგ კი მუხრუჭის გამოყენებას ურჩევდა ქალბატონებს, რომ მაის სანდოობაში დარწმუნებულიყვნენ.

ცალკე თავი ეთმობა საჭესთან ჩაცმულობას. დოროთი ლევიტი თავად მონაწილეობდა რბოლებში და ტანზე მომდგარ სამოსს ირჩევდა. ყოველდღიურად კი სეზონის შესაბამისად მარტივ სამოსს უწევდა რეკომენდაციას, რომელიც აუცილებლად შარფით უნდა დასრულებულიყო – ავტომობილების უმრავლესობას მაშინ სახურავი არ ჰქონდა. ასევე, სასურველი იყო მსუბუქი ფეხსაცმელი, რომ სატერფულებთან მუშაობისას პრობელმა არ შეექმნა.

ცალკე თავი ეთმობა ავტომობილის რემონტსაც. სიმარტივისათვის, ინსტრუმენტებისა და პრობლემების სრული სიაა წარმოდგენილი, რასაც კი შეიძლება ქალბატონი გზად გადააწყდეს და მთავარია მან თავად შეაკეთოს ის.

თქვენს ავტომობილს დაქოქვა უჭირს? დიდი ალბათობით გაუმართავი აალების სანთლის პრობლემაა. შეცვალეთ ის ქანჩის გასაღების დახმარებით.

მოკლედ, ამ წიგნთან ერთად არაფერი იყო შეუძლებელი.

დოროთი მოუწედებდა ყველას საკუთარი ავტომობილის საჭესთან სხვა არ დაესვათ. უცნობის ხელს შესაძლოა მექანიზმში დისჰარმონია შეეტანა.

დოროტი ლევიტი კომპანიონად ძაღლს უწევდა რეკომენდაციას. საინტერესოა, რომ ლევიტი მამამაკაცს აქაც კი არ ახსენებს.

აი, კიდევ მეოცე საუკუნის რჩევები: აუცილებლად იქონიეთ ჯიბის სარკე, რომ უკან აკონტროლოთ რა ხდება. სავარძლის ქვეშ არსებულ ყუთში კი, რომელიც დღეს ალბათ სახელთათმანემ ჩაანაცვლა, ქალბატონი მძღოლი ერთი ფილა შოკოლადის ჩადებას ურჩევდა ქალებს. „შოკოლადი სტრესულ მომენტებში გამოგადგებათ, როდესაც ცდილობთ მორიგი დაზიანების მიზეზი ამოიცნოთ. კაკაოს მარცვლები ტვინს მოადუნებს და აზრებს მოგაკრებინებთ“ – წერია წიგნში.

დოროთი არც კი განიხილავს იმ ვარიანტს, რომ შესაძლოა დახმარება მამაკაცს სთხოვოს. ქალს შეუძლია მართოს და შეაკეთოს ავტომობილი, თუმცა მარტო მგზავრობისას უნდა იქონიოს პისტოლეტი. მაგალითად Colt-ის მარკის რევოლვერი.

წიგნი ასე სრულდება: „ყოველთვის გადაადგილდით დასაშვები სიჩქარით, მაგრამ ცარიელ, სწორ გზაზე, სადაც არ არის ბრმა მოსახვევები, სხვა ავტომობილები და გზაჯვარედინები, შეგიძლიათ ავტომობილი „გაწუროთ“ და ნახოთ რა შეუძლია”.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები