იაპონიაში ბიტკოინი გადახდის ოფიციალურ საშუალებად აღიარეს. აღნიშნული კანონი ძალაში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შევიდა. კანონის მიხედვით, შესაბამისი უწყება კრიპტოვალუტის გადაცვლის ოპერაციების რეგულირებასაც დაიწყებს.
ამის ფონზე კი მსოფლიოში ბიტკოინის ფასი 9%-ით გაიზარდა და 1135 დოლარიან ნიშნულს მიაღწია. ექსპერტები ფასის მკვეთრ ზრდას სწორედ იაპონიაში მიღებულ ახალ კანონს უკავშირებენ.
გამოცემა Business Insider-ის ცნობით, მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტის ოფიციალურ საგადასახადო საშუალებად აღიარება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან მისი გამოყენება არანაირი წესით არ რეგულირდება და საბუღალტრო სტანდარტები 6 თვის განმავლობაში შემუშავდება.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მარტის დასაწყიში ბიტკოინის ფასმა ოქროს ფასს გადააჭარბა. როგორც Coindesk-ი იუწყებოდა, ციფრული კრიპტოვალუტის ფასმა 1 265 დოლარს მიაღწია. მაშინ, როცა 3 მარტის მდგომარეობით, ერთი უნცია ოქროს ფასი 1 233 დოლარი იყო.
ფაქტია, რომ მსოფლიოში ციფრული ვალუტა ფეხს ნელ-ნელა იკიდებს. ცოტა ხნის წინ ვენაში პირველი „ბიტკოინ-ბანკი“ გაიხსნა. დაწესებულების მთავარი დანიშნულება – ციფრული კრიპტოვალუტის ნაღდ ფულზე გადაცვლა და ფულის ამ ერთეულზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდებაა.
2016 წლის მონაცემებით, მიმოქცევაში თითქმის 15,5 მილიონი ბიტკოინია.