პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს, მას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას დღის წესრიგში არ დაუყენებია. მისი თქმით, პრეზიდენტს ამის შესახებ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც გაესაუბრებიან.
„ბევრი უნდა ვილაპარაკოთ პირველ რიგში ერთმანეთთან, რომ დაახლოებით გავიგოთ რა შეიძლება იყოს შერიგების წერტილი. ჩვენი საკითხი პრეზიდენტთან შეხვედრის სააკაშვილის გათავისუფლება არ იქნება. პრეზიდენტს ჩვენამდეც ბევრი ეტყოდა ამასთან დაკავშირებულ არგუმენტებს შეიძლება ჩვენ გვქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ მინიმუმ ის მაინც ვიცოდეთ, რომ ერთმანეთს არ ვატყუებთ. ჩემი აზრით, ლაპარაკის დაწყება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა გააჩინოს ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები გულწრფელად საუბრობენ და არ იტყუებიან. როგორც დეპუტატმა თქვა, მან პრეზიდენტს ურჩია, რომ შერიგების ინსტიტუტის ჩამოყალიბება ამ პროცესებში მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.
„ეროვნული შერიგება ალბათ იმაზე გადის, რომ საჯაროდ ტყუილის ლაპარაკი „ტეხავდეს“ და არ იყოს პოლიტიკაში „მოსული“. საბოლოო ჯამში ის, რომ ამდენი სიცრუეა ირგვლივ და ყველაფერი ხელოვნურად არის აგებული, აცდენილია რეალობას, იწვევს იმას, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ამის განმუხტვას ვხედავ ლაპარაკის დაწყებაში. შეიძლება ჩვენ გვქონდეს განსხვავებული აზრი ფიზიკურად, მაგრამ მინიმუმ ის მაინც ვიცოდეთ, რომ ერთმანეთს არ ვატყუებთ.
ლაპარაკი გვჭირდება იმისთვის, რომ გავიაზროთ, წარსულში როგორ ვცხოვრობდით, რა შეცდომები დავუშვით და აწმყოში რა შეცდომებს ვუშვებთ. როგორც კი ჩვენ ამაზე სერიოზულ საუბარს დავიწყებთ, პრეზიდენტის ფორმატი იქნება ეს თუ სხვა რამე ფორმატი იქნება, ადამიანებში განწყობა თვისობრივად შეიცვლება. ჩვენი რჩევა იყო, რომ პრეზიდენტმა გააჩინოს ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები გულწრფელად საუბრობენ და არ იტყუებიან. ამავდროულად ზოგადად ვურჩიე, რომ შეწყალების ინსტიტუტი შერიგების პროცესში ამ თემისთვის სასარგებლოდ იყოს გამოყენებული. შეწყალების თემაზე როცა ვსაუბრობ, ის არ ეხება მიხეილ სააკაშვილს იქიდან გამომდინარე, რომ ეს სხვა პოლიტიკური პროცესია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პრეზიდენტს, ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლები ხვდებიან. ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, ფრაქცია „ლელოს“ , სალომე სამადაშვილი და პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე.