LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“-ში მსხვილი ჰიპერმარკეტი გაიხსნება

763

ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა-ში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, მსხვილი ჰიპერმარკეტი, დიდი საბავშვო ინტერაქტიული გასართობი ცენტრი და გრანდიოზული საკონცერტო დარბაზი გაიხსნება. ამის შესახებ “ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თათია სიორიძე აცხადებს.

“თბილისის ზღვის პლაზამ ოპერირება ახლა დაიწყო და ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალ წელს ჩვენთან შემოვა მსხვილი ჰიპერმარკეტი, ასევე გაიხსნება დიდი საბავშვო ინტერაქტიული გასართობი ცენტრი, მესამე სართულზე შენდება გრანდიოზული საკონცერტო დარბაზი, რომელშიც ჩვენ შეგვეძლება კონცერტების და სხვა სახის მასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარება. ასევე იგეგმება ყველაზე დიდი სამხატვრო გალერეის მშენებლობა. პლაზაში სპეციალური ტერიტორია არის გამოყოფილი ფუდ კორტისთვის, რომელშიც უკვე განთავსებულია რამდენიმე საზოგადოებრივი კვების ობიექტები და წლის ბოლომდე დაემატება სხვა ობიექტებიც, სადაც მომხმარებელს შეეძლება დააგემოვნოს არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული და აზიური სამზარეულოც,” – აღნიშნა სიორიძემ.

შეგახსენებთ, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“ 30 სექტემბერს გაიხსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ძი იენჩი, ქ. თბილისის მერი, დავით ნარმანია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ”ჰუალინგ ჯგუფის” ხელმძღვანელობა და სხვა სტუმრები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრმა საკუთარ სიტყვაში ”ჰუალინგ ჯგუფის” ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა კომპანიის როლს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში.

გახსნის დღეს ჩატარდა ძალიან საინტერესო და მასშტაბური ბავშვთა გასართობი ღონისძიებები. მოეწყო როგორც გარე, ასევე შიდა 6 გასართობი ზონა, სადაც სპეციალურად მოწვეული ანიმატორები ართობდნენ თბილისის ზღვის პლაზის პატარა სტუმრებს.

30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს თბილისის ზღვის პლაზის დამთვალიერებლებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, ესარგებლათ უპრეცედენტო “ქეშბექ” აქციით და მინიმუმ 50 ლარის შენაძენზე გარკვეული თანხა დაებრუნებინათ. ამასთან ერთად, მომხმარებელი არ იყო შეზღუდული თანხის დახარჯვის მხრივ, მათ შეეძლოთ დაბრუნებული თანხა თავიანთი სურვილისამებრ გამოეყენებინათ.

“ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თათია სიორიძე ამბობს, “ქეშბექ” აქციამ ძალიან წარმატებით ჩაიარა და სრული ბიუჯეტი 150 000 ლარი  ორ დღეში სრულად ამოიწურა. ”იმის გამო, რომ “ქეშბექ” აქციას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჩვენ გადავწყვიტეთ წლის ბოლომდე კიდევ არაერთი საინტერესო გათამაშება ჩავატაროთ”, – დასძინა თათია სიორიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები