LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერებმა საქართველოში ვიზიტი დაასრულეს

45

კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად საქართველოს ერთი კვირის განმავლობაში ჰოლივუდის ცნობილი ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობდნენ.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, წამყვანმა პროდიუსერებმა საქართველოში ვიზიტი ბათუმის სტუმრობით დაასრულეს.

ცნობილი ჰოლივუდელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი, როგორებიცაა : „Transformers”, “Captain America”, “The Town”, “The Hangover”, „Sicario”, “Mission:Impossible”, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში 20-დან 26 ივნისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს ათვალიერებდნენ და ერთი კვირის განმავლობაში თბილისი, რუსთავი, კახეთი, მცხეთა, ყაზბეგი, უფლისციხე, წყალტუბო, ზუგდიდი და მესტია, ასევე ანაკლიაც მოინახულეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სწორედ აღნიშნული პირების რეკომენდაციაზეა დამოკიდებული ქვეყანაში ახალი ფილმების შემოსვლა, მათი შთაბეჭდილება კი პოზიტიურია და საქართველოთი დაინტერესებაც დიდია.

ჰოლივუდის დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი უწყება – სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად მასპინძლობდა და ქვეყნის შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა მომხიბვლელ და მათი ინტერესის სფეროს გათვალისწინებით შესაბამის ლოკაციებს აცნობდა.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ქართველ კინომწარმოებლებსა და სხვადასხვა ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ უცხოელ კოლეგებს შეხვედროდნენ და მათი გამოცდილება გაეზიარებინათ, ასევე მათთვის გაეცნოთ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქართული კინოს შესაძლებლობები და არსებული ინფრასტრუქტურა, რაც საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის გადასაღებ ცენტრად ქცევის ყველანაირ შესაძლებლობას იძლევა.

მათივე ცნობით, პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია და მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, უკვე შემოსულია 3 განაცხადი, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინდური ფილმისა დაქართულ-გერმანული პროექტების გადაღებები, ხოლო დაგეგმილია ამერიკული პროექტის განხორციელება. ამასთანავე, სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზეც.

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ 2016 წლის დასაწყისში დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ  სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები