LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Holiday Inn-ის ნომერში ეპისკოპოსი გარდაცვლილი იპოვეს – რა მოხდა პაპის ვიზიტის დროს

80

საქართველოში რომის პაპის ვიზიტის დროს კანადელი ეპისკოპოსი სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასურელთა ეპარქიის საპატიო ხელმძღვანელი 77 წლის ჰანნა ზორა რომის პაპის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსაც დაესწრო. დელეგაციის წევრები ძირითადად სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში დაბინავდნენ, თუმცა 2 ოქტომბერს ეპისკოპოსი ჰანნა ზორა საკუთარ ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ სასტუმროს თანამშრომელმა მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა.

„ადმინისტრაციამ კატეგორიულად გაგვაფრთხილა, რომ ის, რაც მოხდა, გარეთ არ უნდა გასულიყო. მთელი პოლიცია და კრიმინალური აქ იყო იმ დღეს. ვატიკანის უსაფრთხოების სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება. მათი მოთხოვნა ყოფილა, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. ამის შესახებ კატეგორიულად გააფრთხილეს სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურიც“, – ამბობს სასტუმროს თანამშრომელი.

„პრაიმტაიმის“ წყაროს თქმით, ცხედარი პირველად სასტუმროს დამლაგებელმა ნახა, რომელიც ნომრის დასალაგებლად იყო შესული.

„მისი გადმოცემით ვიცით, რომ მთელი ოთახი სისხლიანი იყო. ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. შეშინებული და შოკირებულ მდგომარეობაში გამოიქცა ეს ქალი და უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინა, მალევე აქ გაჩნდნენ სამართალდამცავები და ვატიკანის წარმომადგენლები. ეს დამლაგებელი ცალკე დაკითხეს და მას შემდეგ ის ამ თემაზე აღარც საუბრობს და ჩვენც არ ვკითხულობთ დამატებით არაფერს.“

სასტუმროს გენერალური დირექტორის ვალერი ჩეხერიას თქმით, სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირებისგან შეიტყვეს, რომ ჰანნა ზორა მძიმედ იყო ავად და ურჩევდნენ კიდეც, რომ არ ჩამოსულიყო თბილისში.

„სტადიონზე რომის პაპის მიერ აღვლენილ მესაზეც გამხდარა ცუდად. ასე გვითხრეს მისმა კოლეგებმა,“ – განაცხადა ჩეხერიამ.

მისივე თქმით, ეპისკოპოსს, სავარაუდოდ, კუჭის დაავადება ჰქონდა და ძლიერი სისხლდენაც ამ დაავადებას უკავშირდება.