LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლანდიაში რომ ჩავედით, მე ქუთაისის სამკერვალოში შეკერილი პალტო მეცვა, სანდრა მიშას პალტოთი იყო – ნინო ჟვანია მეუღლის გაცნობას და სააკაშვილთან მეგობრობას იხსენებს

967
ნინო ჟვანია მიშა, სანდრა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე ფსიქოლოგი ნინო ჟვანია გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ იყო სტუმრად. 

ნინო ჟვანიამ ისაუბრა როგორ შეხვდა მომავალ მეუღლეს და როგორ მეგობრობდნენ მიხეილ სააკაშვილთან წლების განმავლობაში.

ნინო ჟვანია: ხანდახან  ვფიქრობ, რატომ შევხვდი მე ზურას და რატომ გავხდი ამ მოვლენის ნაწილი. შემთხვევითი იყო ეს ყველაფერი, თუ რაღაც იყო ჩემში ისეთი, რამაც ეს ყველაფერი განაპირობა.

საინტერესო პერიოდის გავლა მოგვიწია. საუბარს დავიწყებ ჩემი ოჯახიდან და ჩემი სტუდენტობიდან, როცა მოხდა ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბება. ბევრწილად ეს მოდიოდა ჩემი ოჯახიდან, განსაკუთრებით ალბათ ბაბუაჩემიდან, რომელიც წიგნის მოყვარული კაცი იყო, ამიტომ ეს სამყარო ძალიან გახსნილი მქონდა და თვითონაც ძალიან უყვარდა ლაპარაკი.

„ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია ჰქონდა და თითოეულ წიგნზე თავის ისტორიას იხსენებდა და მე მგონი აქედან დაიწყო ჩემი იდენტობის ჩამოყალიბება.

მაშინ ბრეჟნევი იყო და არაფერი ხდებოდა, ძალიან მოსაწყენი ცხოვრება იყო. მაგრამ იყო საოცარი ცნობისმოყვარეობა იყო, მათ შორის ჩემშიც. ძალიან ბევრის ვკითხულობდი.

პოლიტიკა აბსოლუტურად არ მაინტერესებდა. ჯაზის მოყვარული ადამიანი ვარ და ბოლო ორი წელი, სანამ ზურას გავიცნობდი, ჯაზს ვმღეროდი და ეს ორი წელი წასული ვიყავი მუსიკაში და მუსიკის მეტი არაფერი მაინტერესებდა. მერე ცხოვრება რაღაცებს გიჩვენებს. შეიძლება სულ სხვა რამეს აკეთებდე, მაგრამ იღბალი რა გზასაც გაგიღებს, უბრალოდ მზად უნდა იყო და იმ კარში უნდა შეხვიდე. არავინ იცის, ცხოვრება რას გიმზადებს. 

სრულიად არ ვფიქრობდი არც პოლიტიკაზე და არც იმას ვფიქრობდი, რომ პოლიტიკოსის ცოლი გავხდებოდი. როცა ზურა გავიცანი, სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა რუსთაველზე, ერთმანეთს ესროდნენ, დაშლილ სახელმწიფოში ვცხოვრობდით. მაგრამ ძალიან ბედნიერად ვიყავით, რადგან ახალგაზრდები ვიყავით და ბევრი რამ გვიხაროდა“. – იხსენებს ნინო ჟვანია.

ნინო ჟვანიამ  მიხეილ სააკაშვილთან და სანდრა რულოვსთან მეგობრობა გაიხსენა:

„სააკაშვილი ერთადერთი არ იყო, ვინც ზურას მეშვეობით მოხვდა პარლამენტში. ზურა ყველა ნიჭიერ ადამიანთან საუბრობდა. ყველა პოტენციურად საინტერესო სუბიექტი, უნდოდა, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში. მიშაც ასე მოხვდა პარლამენტში.

ვმეგობრობდით კიდეც. მაშინ წყნეთში ვცხოვრობდით, წყნეთში იყო სინათლე. სანდრა და ედუარდი დიდი პერიოდი ჩვენთან ცხოვრობდნენ, რომ მათთვის ცხოვრება შეგვემსუბუქებინა.

საკმაოდ რთული იყო, ზედმეტი არაფერი გვქონდა.  

ეს სისუფთავე ზურამ ბოლომდე შეინარჩუნა. ეს იყო მისი სიძლიერე. მისთვის ეს იყო პრინციპული საკითხი. მაშინ მიშა და სანდრაც ასე ფიქრობდნენ. ხელმოკლედ ვიყავით, ერთმანეთს ვეხმარებოდით.

იდეურად და სოციალურადაც ერთ ფენას წარმოვადგენდით, ერთი ინტერესი გვქონდა, ერთ წიგნებს ვკითხულობდით.

სალაპარაკო ყოველთვის გვქონდა. მათთან ჰოლანდიაში ვიყავი ჩასული. თავიდან სხვა მოცემულობა იყო. ჩვენ ვიყავით ახალგაზრდა პოლიტიკოსების მეუღლეები.

მახსოვს, ჰოლანდიაში რომ ჩავედით, მე ქუთაისის სამკერვალოში შეკერილი პალტო მეცვა და სანდრას მიშას პალტო ეცვა. გაჭირვებული ქვეყნიდან ვიყავით, გვინდოდა, რომ პალტო გვეყიდა..

მახსოვს, მაღაზიაში გამყიდველი ცდილობდა, პალტოებს შორის დისტანცია დაგვეცვა, რომ ხელი არ მოგვეკიდა“..ამბობს ჟვანიას მეუღლე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები