LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლანდიაში ფეხბურთელები წაგების გამო დააპატიმრეს (ფოტოები)

33

შაბათს ჰოლანდიური ”ჰეერენვენი” ”უტრეხტთან” 1:3 დამარცხდა და ეს გუნდისათვის ზედიზედ მეორე მარცხი გამოდგა. წინა ტურში გუნდი ამსტერდამის ”აიაქსმა” 4:0 გაანადგურა. იქამდე ”ჰეერენვენს” არცერთი მატჩი არ წაუგია, ახლა კი გუნდი სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.

სწორედ ამის გამო ”ჰეერენვენის” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელების ”დასჯა” გადაწყვიტა. ისინი ნარინჯისფერ ტანსაცმელში გამოაწყვეს და პოლიციის ფურგონში ჩასვეს, რომელსაც მოთამაშეები ციხეში უნდა მიეყვანა. რასაკვირველია, სინამდვილეში ეს ყველაფერი ხუმრობა იყო. ფეხბურთელებს გზაში გაქცევა უნდა მოეხერხებინათ, გაევლოთ გარკვეული ადგილები და იქვე შორიახლოს გაჩერებულ ავტომობილთან მისულიყვნენ. ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია საკმაოდ სერიოზულად იუწყებოდა მათ დაპატიმრებაზე:

”უტრეხტთან” წაგების შემდეგ ჩვენი მოთამაშები ბორკილდადებულნი აღმოჩნდნენ”, – ეწერა სტატიაში. თუმცა იგი საკმაოდ ოპტიმისტურად სრულდებოდა: ”გაქცევა ყველამ მოახერხა და ხვალიდან ისინი ”ვიტესთან” შეხვედრისათვის მზადებას შეუდგებიან.”

ერედივიზიონის მომდევნო ტურის მატჩი ”ჰეერენვენსა” და გურამ კაშიას ”ვიტესს” შორის 22 ოქტომბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები