LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰობი, რომელიც ბიზნესად იქცა – საქართველოში პირველი სერტიფიცირებული ტრენერი, რომელმაც როლერ სპორტის სკოლა დააარსა

392
დავით (1)

„წარმოუდგენელი თავისუფლების შეგრძნება და დაუსრულებელი გამოწვევების გადალახვა“, – ასე აღწერს როლერ სპორტის სკოლა/კლუბის დამფუძნებელი დავით ნამთალაშვილი გატაცებას, რომელიც უკვე მისი შემოსავლის წყაროდ იქცა. დავითი პროფესიით ადვოკატია, თუმცა როლერ სპორტი მას ბავშვობიდან აინტერესებს. წლების წინ გადაწყვიტა ჰობი ბიზნესად ექცია და როლერ სპორტის სკოლა დააარსა. მსურველებს სპორტით დაკავება თბილისში ორ ლოკაციაზე შეუძლიათ. დავითი საქართველოში პირველი სერტიფიცირებული ტრენერიც გახდა.

ბიზნეს საქმიანობისა და ქართულ ბაზარზე არსებული გამოწვევების შესახებ დავით ნამთალაშვილი დეტალურად „ფორტუნას“ ესაუბრა.

 

რატომ და როდის დაინტერესდით ამ სპორტით?

ამ სპორტით პირველად შორეულ 1995 წელს დავინტერესდი, როდესაც დედამ პირველად წამიყვანა სპორტის სასახლეში, სადაც მაშინ როლიკების ქირაობა იყო შესაძლებელი. ერთი ნახვით სიყვარული თუ რამეა, სწორედ ამ სპორტზე ითქმის. პირველივე წამიდან ისე შემიყვარდა ეს სპორტი, რომ სულ მოუთმენლად ველოდი ყოველ შაბათ-კვირას, რომ დედას ისევ წავეყვანე და მას შემდეგ აგერ უკვე 27 წელია ეს სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიზეზი, რატომაც შემიყვარდა ეს სპორტი, არის წარმოუდგენელი თავისუფლების შეგრძნება და დაუსრულებელი გამოწვევების გადალახვა, რაც ადრენალინის და ეიფორიის შეგრძნებით გვირგვინდება.

საქართველოში პირველი სერტიფიცირებული ტრენერი ხართ. რას ნიშნავს ეს და რამდენად მნიშვნელოვანია?

2021 წელს, როდესაც გადავწყვიტე სკოლის დაარსება, გარკვეული ბაზრის კვლევა ჩავატარე და ვაკვირდებოდი, როგორ ასწავლიდნენ სხვა ინსტრუქტორები მოსწავლეებს. სამწუხარო რეალობა იყო ის, რომ ინსტრუქტორების უმრავლესობას არ ჰქონდა შემუშავებული მეთოდოლოგიური სისტემა, რომელიც როლიკების უსაფრთხოდ სწავლების შესაძლებლობას იძლეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილში მოწინავე მიდგომები გვქონდა, მაინც მიმაჩნდა, რომ სამოყვარულო დონეზე გვქონდა გააზრებული სწავლების ნაწილი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების შემოღება და სწავლების სტილის დახვეწა. შესაბამისად, დავიწყე კვლევა თუ რა საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამები არსებობს, რომლის გავლაც შეიძლებოდა ჩვენი რეგიონისთვის. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ICP ( Inline Certification Program), რომელიც მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული და დახვეწილი პროგრამაა. ამ პროგრამის ჩამოყალიბება ამერიკაში მოხდა, თუმცა დღეს ის 90-მდე ქვეყანაში მოქმედებს. წარჩინებული მონაწილეობის შედეგად, 4 თვის განმავლობაში მოვახერხე ორი დონის (სულ სამია) მიღება და საუკეთესო როლერ ინსტრუქტორებთან ერთად მუშაობის შედეგად საგრძნობლად გავაუმჯობესე როგორც ჩემი სრიალის დონე, ასევე სასწავლო სისტემები და მეთოდები. აღნიშნული ცოდნის შედეგად, დღეს კიდე უფრო უსაფრთხოდ და ეფექტურად ვასწავლით მოსწავლეებს. მიღებული ცოდნა გვეხმარება მოსწავლეთა ინდივიდუალური პრობლემებისთვის სწორი გადაწყვეტილების მოძიებაში, რათა არ შეფერხდეს სწავლების მსვლელობა. დანერგილი უსაფრთხოების სისტემები გვეხმარება ვმართოთ, როდის გადავიყვანოთ მოსწავლე ახალ სირთულეებზე ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მის ჯანმრთელობას და ამით ავირიდოთ ტრავმები, რომელიც ფიზიკური ზიანის გარდა, ხშირად როლიკებზე სრიალის სწავლის მოტივაციის სრულ დაკარგვასაც იწვევს.

სად შეუძლიათ მსურველებს ამ სპორტის შესწავლა და რა არის ამისთვის საჭირო?

ჩემი სკოლა ამ ეტაპზე ასწავლის ორ ლოკაციაზე, ეს არის დედაენის პარკი, კერძოდ იუსტიციის გვერდზე პარკინგი, და ასევე ლისის ტბა. რაც შეეხება სწავლებას, რა თქმა უნდა აუცილებელია გორგოლაჭები, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია და ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ ასევე გქონდეთ დამცავები, რაც მოიცავს სამუხლეს, საიდაყვეს და მაჯის დამცველს. ასევე, აუცილებელია ჩაფხუტი. ეს ყველაფერი თავიდან აარიდებს მოსწავლეებს როგორც მცირე, ასევე დიდი ტრავმებისგან და საშუალებას მოგცემთ გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. მათ, ვისაც აქვს როლიკებზე სრიალის სწავლის სურვილი, კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენს სკოლაში გაკვეთილებთან ერთად შეგიძლიათ იქირაოთ როგორც როლიკები, ასევე დამცავებიც და აღარ დაელოდოთ, როდის შეძლებთ აღნიშნულის შეძენას და ისიამოვნოთ.

რამდენად დიდია დაინტერესება და რა უშლის დღეს ხელს ამ სპორტის განვითარებას?

დაინტერესება ძალიან დიდია, თუმცა დღეს ბევრი გამოწვევების და დაბრკოლებების გამო ბევრი ვერ ახერხებს მოსვლას. ამჟამად გამოწვევებს ალბათ მაინც 3 ძირითად ჯგუფად დავყოფდი. პირველი არის, რა თქმა უნდა, როგორც როლერ ინვენტარის ხელმწისაწვდომობა, ასევე საკატაო ადგილების სიმცირე. სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ძალიან ჭირს სხვადასხვა ფასის სეგმენტში არსებული აღჭურვილობის შეძენა. ძირითადი ნაწილი, რაც იყიდება საქართველოში სრულიად უხარისხო და გამოუსადეგარია, ხოლო ხარისხიანი როლიკები და აღჭურვილობა არც ისე იაფიანია. ასევე, ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურა და გეოგრაფიული რეალობა ძალიან ართულებს ამ სპორტის ყოველდღიურობას. თუ ევროპაში სახლთანვე შეგიძლია ისრიალო, ჩვენთან სპეციალურ ადგილებში უნდა იარო, რომელიც ასევე ძალიან ცოტაა. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სტერეოტიპები ადამიანებში. ზოგს მიაჩნია, რომ უკვე ძალიან ბებერია ამისთვის, ზოგს მიაჩნია, რომ ჭარბი წონა უშლის ხელს, ზოგს უბრალოდ სცხვენია თავისი სტატუსიდან გამომდინარე. ბევრიც დარწმუნებულია რომ ვერასდროს ისწავლის, ან პირველივე დადგომისას რამეს მოიტეხავს. ზოგიც უბრალოდ არასერიოზულად უყურებს ამ სპორტს და მიაჩნია, რომ ის მხოლოდ პატარა ბავშვებისთვის არის და არ იაზრებს, რაოდენ სერიოზული და საოცარი სპორტია როლიკები. მესამე მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რა თქმა უნდა, არის ის, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს დახურული სივრცე, სადაც როლიკებით სრიალი შეიძლება. ფაქტობრივად, მთელი ეს სპორტი არის ამინდის იმედად დარჩენილი, რის გამოც სწავლება რთულდება და ხშირად შეუძლებელი ხდება თითქმის 6 თვის განმავლობაში.

რამდენად მნიშვნელოვანია ეს სპორტი ჯანმრთელობისთვის, რამდენად უსაფრთხოა და რა უნარებს ავითარებს?

ძალიან სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ უნიკალური სპორტია ჩემი გადმოსახედიდან. პირველ რიგში იმით, რომ რამდენიმე სხვა სპორტის საწინდარს ქმნის. როლიკებზე სრიალის სწავლით ერთდროულად სწავლობთ ბაზას ყველა სახეობის ციგურებისთვის. ასევე, ძალიან დაგეხმარებათ თხილამურების ათვისებაში, ხოლო სრიალის მცოდნე პირებს ფორმისა და კლასის შენარჩუნებაში. ამის გარდა როლიკები ძალიან მაგარია ფიტნესისთვის. ფაქტობრივად, ყველა კუნთი მუშაობს ამ სპორტის დროს. კოორდინაცია, მიკრო კუნთების განვითარება, სხეულის მართვა, ამავდროულად ბუნებრივად ლამაზი ფორმების განვითარება და წონის სწრაფად დაკლება. საოცარი შედეგები აქვს ასევე როლიკებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებისთვის. რაც ყველაზე მაგარია, მათ, ვისაც ზურგის პრობლემა აქვს და ვერ დარბის როლიკები არის უებარი წამალი, რადგან სრიალის დროს არ ხდება ხერხემლის და სხვა სახსრების კომპრესია. და საბოლოოდ, როლიკები საოცარი მედიტაციის საშუალებაა, ყველა ვინც სრიალებს ამბობს და მეც ვეთანხმები, რომ განტვირთვის და საკუთარი თავის წრთობის საუკეთესო საშუალებაა, რადგან მუდმივად შიშების გადალახვა გიწევთ, მუდმივად ახალი გამოწვევების დაძლევა და ეს ნელ-ნელა ხასიათში გადაგდით, თან უაღრესად დიდი სიამოვნების გამო პოზიტიურად იმუხტებით და პრობლემების გამკლავება დავიწყებაშიც გეხმარებათ.

რა გეგმები გაქვთ ამ ეტაპზე, როგორც ვიცი ემზადებით შეჯიბრებისთვის?

ჩემი ინდივიდუალური გეგმა საერთაშორისო დონის შეჯიბრებებში მონაწილეობა და საქართველოს სახელით ასპარეზობაა, რისთვისაც აქტიურად ვემზადები. სკოლის ჭრილში ჩემი გეგმები უფრო ახალი ლოკაციების გახსნას ეხება. ასევე, ძალიან გვინდა ჯგუფური სწავლების დანერგვა, სადაც გაცილებით მეტი ხალისი და სიამოვნებაა. პარალელურად, ვფიქრობ, ქვეყნის შიგნით მრავალი ღონისძიების და პატარა შეჯიბრებების ორგანიზებასაც, რათა ამ სპორტის ცნობადობა ავამაღლოთ და დიდი იმედი გვაქვს მედიის დახმარების, რადგან ეს სპორტი ნამდვილად იმსახურებს განვითარებას.

 

არის თუ არა მხარდაჭერა სახელმწიფოს ან კერძო სექტორის მხრიდან?

სამწუხაროდ, ეს საკითხი პირადად ჩემთვის ძალიან რთულია. ზოგადად, ეს სპორტი ძალიან მიტოვებულია. ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან არის გარკვეული ქმედებები, თუმცა იმის გამო, რომ გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობენ ამ სპორტის აქტიური წარმომადგენლები, ხშირად კეთდება ისეთი რამეები, რაც არც თუ ისე ეფექტურია სპორტის განვითარებისთვის, თუმცა ამაში მხოლოდ სახელმწიფოს ვერ დავადანაშაულებ, სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებიც საკმაოდ პასიურები ვიყავით ბოლო პერიოდში, დაახლოებით 2019 წლამდე და იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ, ორივე მხრიდან მზაობის არსებობის შემთხვევაში უფრო მეტი სწორი და საჭირო ნაბიჯი გადაიდგმება. ასევე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ სპორტის მხარდაჭერაში კერძო სექტორიც ჩაერთოს, რადგან მათ ხშირად შეუძლიათ ხელი შეუწყონ სწრაფ განვითარებას.

რა განვითარების პერსპექტივები აქვს ამ სპორტს?

გარდა იმისა, რომ თავად როლიკები არის ოლიმპიური სპორტის კანდიდატი, ის არის ასევე უკვე არსებული ოლიმპიური დისციპლინის, ე.წ. „შორთტრეკის“ ბაზისი და შესაბამისად, როლიკების ბაზაზე შეგვიძლია მოვამზადოთ ასევე ამ სპორტის ათლეტები. ასევე, დღეს ძალიან პოპულარული ხდება როლერ ტურიზმი, და დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო თავისი ულამაზესი ადგილებით ოდესმე ამ მიმართულების ნაწილი გახდება. ასევე, როლერ სპორტი გარკვეული სოციალური მოძრაობა და კულტურის ნაწილი ხდება და აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყანაც არ ჩამორჩეს ამ ულამაზეს და ჯანსაღ მოძრაობას და საქართველო ამაყი წევრი იყოს დიდი მსოფლიო როლერ ოჯახის, რადგან ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი გვყავს და სწორი ხელშეწყობით ისინი შეძლებენ ჩვენი ქვეყნის სახელის გატანას მსოფლიოს მასშტაბით.

 

გარდა ამ სპორტში წარმატებული მოღვაწეობისა, ხართ იურისტი და ასევე მუშაობთ სკოლაში რობოტექნიკის მიმართულებით, როგორ უთავსებთ ამ ყველაფერს ერთმანეთს?

სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი თავისუფალი დროის არარსებობის ხარჯზე ხდება, მაგრამ სწორად ამბობენ, როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს, არც ერთი დღე არ მუშაობო. ამიტომ, მიხარია, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, უაღრესად მიყვარს. თანაც, ყველაფერი ერთმანეთში მეხმარება, თითოეული მიმართულება ისეთ უნარებს მძენს, რომელიც დანარჩენ ორში მადგება.