ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბაზარზე მსოფლიო ბრენდ H&M-ის შემოსვლასთან დაკავშირებით, არ ადასტურებენ. ამბის გადასამოწმებლად ”ფორტუნა” თანაინვესტირების ფონდს დაუკავშირდა. როგორც ფონდში განაცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე H&M -ის შემოსვლა არ დასტურდება.
მათივე ცნობით, თანაინვესტირების ფონდი H&M-თან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
შეგახსენებთ, გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ ბაზარზე მსოფლიო ბრენდი H&M შემოდის, რომელიც მაღაზიას „გალერია თბილისის” სავაჭრო ცენტრში გახსნის. ამავე ინფორმაციის მიხედვით, „გალერია თბილისში” ბრენდების შესვლის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებები სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, „გალერია თბილისის” მოსაწყობად თბილისის ძველი უნივერმაღის შენობაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. თანაინვესტირების ფონდმა გასული წლის აპრილში შენობა ჰოლანდიურ საინვესტიციო ჯგუფ „დორიფორისგან” (Doryphore Investment BV) შეისყიდა და მასში თანამედროვე, A კლასის სავაჭრო ცენტრის განთავსებას გეგმავს.