მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი” გახსნისთვის ემზადება. პარალელურ რეჟიმში, ქართულ ბაზარზე შემოსვლისთვის ემზადება მსოფლიოში აღიარებული, ტანსაცმლის შვედური ბრენდი H&M-იც, რომლის პირველი მაღაზიაც ჩვენს ქვეყანაში, სწორედ „გალერია თბილისში” განთავსდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო H&M-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნების ჩამონათვალში უკვე გამოჩნდა, პროდუქციის ფასები კი ქართულ ეროვნულ ვალუტაში დაემატა.
როგორც ვებ-გვერდიდან ვიგებთ, მომხმარებელი H&M-ის სამოსის შეძენას 12 ლარიდან შეძლებს. ტანსაცმლის სხვადასხვა კატეგორიაში კონკრეტულ სამოსზე კონკრეტული ფასია მითითებული. მაგალითად, ქალების სექციაში, ზაფხულის მაისურებზე ფასები 12 ლარიდან იწყება და 89 ლარის ფარგლებშია. ზამთრის პულოვერების ღირებულება 20 ლარიდან იწყება, ქურთუკების მინიმალური ფასი, ამ დროისთვის, 89 ლარია. 20-29 ლარიდან იწყება ფასები მამაკაცისა და ბავშვების სექციებში. 29 ლარიდან იწყება ე.წ ბალერინების (ფეხსაცმელი) ღირებულება ქალების შემთხვევაში, მამაკაცის ფეხსაცმლის მინიმალურ ფასად კი 79 ლარია მითითებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროდუქცია მუდმივად ემატება და ახლდება, შესაბამისად, იცვლება ფასებიც…
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე „გალერია თბილისის” შენობაში შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სავაჭრო ცენტრის გახსნა კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.
როგორც სავაჭრო ცენტრის დირექტორმა ნიკა ცინცაძემ ”ფორტუნასთან” საუბრისას აღნიშნა, „გალერია თბილისის” გახსნის დღესვე მაღაზიების უდიდესი ნაწილიც გაიხსნება. მისივე ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი მოიყრის თავს. მათ შორის Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Roman პირველად ეწვევიან საქართველოს. ახალი კონცეფციით ბრუნდებიან Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders. რაც შეეხება უშუალოდ H&M-ის მაღაზიას, ის სამ სართულზე განთავსდება.
შეგახსენებთ, ”გალერია თბილისის” საერთო ფართი 55, 000 მ²-ს შეადგენს. სავაჭრო ცენტრი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $80 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს.