LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს – გიორგი გახარია

142
a1555848346

დღეს არავინ ვაპირებთ აქ მტყუანისა და მართლის ძებნას, ყველა უნდა გავჩერდეთ, დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პანკისში, აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამის შემდეგ გაირკვევა ვის შეეშალა და ვინ არის დამნაშავე.

„ამის შემდეგ უნდა გავარკვიოთ, სად შეგვეშალა, ვის შეგვეშალა, ვინ დამნაშავეა და ასე შემდეგ. დღეს როგორც უხუცესებთან ვისაუბრეთ, ახლა ვჩერდებით და ვაგრძელებთ საუბარს. თუ ვინმე გადავიდა და დაარღვია კანონი, ეს ცალკე სალაპარაკოა“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ჰესის მშენებლობას, მისი თქმით, მშენებლები ადგილობრივებთან საუბარს განაგრძობენ.

„ჰესს რაც შეეხება, ამ ჰესის მშენებლები გააგრძელებენ თქვენთან ლაპარაკს და, რაზეც შეთანხმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ოღონდ ერთი რამ მინდა, იცოდეთ, რომ ქვების სროლა, ეს გამოსავალი არ არის, ამიტომ ახლა უნდა დავმშვიდდეთ და დავწყნარდეთ, რომ გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ძმობას, ჩვენს ურთიერთობასა და საუკუნოვან ისტორიას შეეფერება.

მადლობას ვუხდი ბრძენ ხალხს, რომელმაც თავისი სათქმელი გვითხრა, ჩვენც ჩვენი სათქმელი ვუთხარით. უახლოეს პერიოდში, ნახევარ საათში მოვლენ და გეტყვიან, რასაც გადავწყვეტთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ჰესის თემა გადაიდო და შეთანხმდა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, თუ მის მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰესის მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი რომ დაუჭერს მხარს, მარტო მაშინ აშენდება.  ჰესის გამო აქ არ ამოვსულვარ. მე ამოვედი, რომ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანებს. თითოეულ კადრს გავაანალიზებთ და ვნახავთ, ვინ ვის რა ესროლა“, – მიმართა აქციის მონაწილეებს გახარიამ შეხვედრის შემდეგ.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა, კამერების გარეშე შეხვდა. შეხვედრას ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში გახარიასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები