შპს „განთიადმა” ლიმონათისა და წყლის შემდეგ უკვე ლუდის წარმოებაც დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ახალი ლუდი ბაზარზე ”ჰერეთის” ბრენდით გამოჩნდება და ის იქნება როგორც ჩამოსასხმელი, ისე 2-ლიტრიან შეფუთვაში.
”ლუდი უმაღლესი ხარისხის ჩეხური ინგრედიენტებით მზადდება. ნედლეული სწორედ ჩეხეთიდან ჩამოგვაქვს და უკვე უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან , ”ჰერეთის” ლუდი რეალიზაციაში გაეშვება”, – განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, კომპანიას სიახლე ლიმონათის წარმოების კუთხითაც აქვს. აქამდე არსებულ 5 სახეობის ლიმონათს კიდევ 4 დაემატა.
”ამასთან, ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანასთან და ვგეგმავთ, უცხოურ ბაზრებზე ჩვენი ნატურალური წყლისა და ლიმონათის გატანას”, – აღნიშნეს შპს ”განთიადში”.
ცნობისთვის, კომპანიამ ლიმონათის წარმოება 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. აღნიშნულ პროდუქციას მალევე ნატურალური წყლის წარმოება დაამატა, უახლოეს პერიოდში კი ბაზარზე ”ჰერეთის” სახელით ლუდიც გამოვა.
შპს ”განთიადის” ქარხანა ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს და აქ 50 ადამიანია დასაქმებული.