LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Henkel-ის პირველი საწარმო კავკასიაში ექსპლუატაციაში გაეშვა

62

საქართველოში მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია Henkel-ის, კავკასიაში პირველი, წებოვანი, მშრალი ნარევი მასალების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა. როგორც ”ფორტუნას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქარხნის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, რომელმაც ქარხნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს იქნება კიდევ ერთი პროდუქტი – Made in Georgia, რომელიც გერმანიის და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ნათელი მაგალითი იქნება. ორი წლის წინ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შევხვდით Henkel-ის ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლებს და მაშინ იყო საუბარი ამ პროექტის დაწყებაზე საქართველოში. ჩვენ გვაქვს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის ძალიან ამბიციური გეგმები. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამშენებლო სექტორის  განვითარება და ვფიქრობ, ამ ქარხნის გახსნა დროში ზუსტად ემთხვევა იმ ათვლის წერტილს, როდესაც ჩვენ ვიწყებთ განსაკუთრებული სისწრაფით წინსვლას ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა Henkel-ის წარმომადგენლებს, ახალი ქარხნის გახსნასთან ერთად, კომპანიის 140 წლის და მისი წამყვანი ბრენდის, Ceresit-ის 110 წლის იუბილეც მიულოცა, ხოლო კომპანიის წარმომადგენლებსა და ქარხანაში დასაქმებულ ადამიანებს წარმატებები უსურვა.

„ეს კომპანია არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ცნობილმა ბრენდმა, Henkel-მა, რეგიონული წარმოებისთვის საქართველო აირჩია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ქარხანა, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ, ბევრ ადამიანს დაასაქმებს და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა და ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტექნიკური მიმართულებით განათლების კუთხითაც“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, Henkel-ის ქარხანა საქართველოში   Ceresit-ის ბრენდით აწარმოებს ცემენტზე დაფუძნებულ 40-ზე მეტ პროდუქტს კრამიტის სახურავისთვის, ჰიდროიზოლაციისთვის, იატაკის დაგებისთვის და გარე თერმოიზოლაციისთვის, რომელიც გათვლილია, როგორც საქართველოს, ისე – სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები