LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჰეი, თქვენ, დაბოღმილო ან პოლიტიკურად ანგაჟირებულო არა-კოლეგებო, როგორ ბედავთ?!” – მაია ნიკოლეიშვილი

832
bae6517b9694eca14c3f2c3a155865b2

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს და ქართული მედიცინისკენ მიმართულ კრიტიკას პასუხობს.  ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ ქართული მედიცინის შეცდომებს ყველაზე მეტად მისი სპეციალობის ადამიანები, სასამართლო მედიკოსები ხვდებიან.

“გადავიკითხე, მე თვითონ გამიკვირდა; ამხელა პოსტი არასოდეს დამიწერია, მაგრამ…

ქართულ მედიცინას საინტერესო ისტორია აქვს, მედეასგან იწყება… საბჭოთა მედიცინაზე ხანდახან ხუმრობდნენ, ასეთი მედიცინა უცხოეთშიც უფასოაო, არადა, არ იყო ასე; სამედიცინო მეცნიერების ბევრი დარგი მუდმივად წინ იწევდა, დაავადებების პრევენციას, პროფილაქტიკური მედიცინას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სკოლებში ფლუოროგრაფიის მანქანებიც ბევრს ეხსომება, აღარ გავყვები ჩამოთვლას, მაგრამ იმ კონფიგურაციაში ორიოდე მნიშვნელოვანი მომენტი მინდა გამოვყო:

1. სწორად აწყობილი პოლიკლინიკური ქსელი, ანუ “უბნის ექიმი”, რომელმაც თავისი უბნის ყველა მაცხოვრებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზეპირად იცოდა. საუკეთესო მაგალითად ჩვენი უბნის ექიმი, საამაყო პროფესიონალი- ბატონი მიშა ჯანაშვილიც გამოდგება.

2.შეცდომა ძალიან მნიშვნელოვანია მედიცინაში, სამწუხაროდ, ეს ერთადერთი მეცნიერებაა, რომელიც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის დროს დაშვებული შეცდომის გარეშე წინ ვერ წავა. შეცდომა, რომელიც უნდა გაანალიზდეს და იმ ერთი შეცდომის გათვალისწინებამ მილიონების სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. ამ შეცდომას პათოლოგანატომის დიდებული ცოდნა სჭირდება!

სამწუხაროდ, თანამედროვე ქართული მედიცინის შეცდომებს ყველაზე მეტად ჩემი სპეციალობის ადამიანები, სასამართლო მედიკოსები ვნახულობთ. როგორი მძიმეა, რომ იცოდეთ, ფსიქოლოგიურად, ასეთი ექსპერტიზის ჩატარება საქმის მასალებითაც კი! კითხულობ ფურცლების ჩანაწერებს, ზოგჯერ ლოგიკური ჯაჭვი წყდება, ფიქრობ, წერია თუ არა სიმართლე, ხომ არ არის შემდგომი “შელამაზება”, ზოგჯერ მოულოდნელი დეტალი ავსებს ამ სურათს, ხედავ, როგორ მიდის ადამიანი სიკვდილისაკენ, როდის რა აკლდება, როგორ, ვისგან! ამ ფურცლებთან ერთად აზრობრივად მიჰყვები მის ბოლო გზას, კითხულობ და როგორი შეჩვეულიც არ უნდა იყო პროფესიის ტოქსიურობას, მაინც გიმძიმს, თან ძალიან!

დამოუკიდებელ საქართველოში სამედიცინო სფეროს კომერციალიზაციამ წინა ხელისუფლების პირობებში არნახული მასშტაბები მიიღო. პატარ-პატარა უმაღლესი სასწავლებლების დარად, არასაკმარისი პროფესიული რესურსის მქონე უამრავი კერძო კლინიკა გაიხსნა, მკურნალობა და სამედიცინო დახმარება “მომსახურებად” მოინათლა და სამწუხაროდ, ქართულ მედიცინაში ფასმა “გაუსწრო” ხარისხს! ამ კომერციალიზაციის ფონზე საერთოდ დაიკარგა მედიცინაში დაშვებული შეცდომის ობიექტური შესწავლის ინსტრუმენტი-პათანატომიური კვეთის პრაქტიკა.
ვფიქრობ, ხარვეზის და შეცდომის დაფარვა კომერციალიზაციის მდგენელია, ვინაიდან ხარვეზების გაამომზეურებაზე და გაანალიზებაზე ბევრად მნიშვნელოვანი მისი მიჩქმალვა, წარმატებული საქმიანობის რეკლამირება, კონკურენცია და შესაბამისად, შემოსავალი ხდება! ამ რეალობაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანის გვამს, თუ მისი ახლობლები ეჭვს გამოთქვამენ არასწორ მკურნალობაზე, ანუ, კრიმინალზე საეჭვო შემთხვევას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები იკვლევენ, ხოლო “არაკრიმინალური”, ანუ არასადავო, კლინიკაში ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევებში საერთოდ აღარ ხდება გაკვეთა პათოლოგანატომების მიერ და ეს შეუდარებელი ცოდნის და უნარ-ჩვევების მქონე, ჯერ კიდევ შემორჩენილი პროფესიონალები (ქალბატონ თამარ დეკანოსიძის უძლიერესი სკოლა) პრაქტიკულად ლაბორატორიებში სხედან და ოპერაციული და ბიოფსიური მასალების კვლევით შემოიფარგლებიან.

დავუშვათ, მოხდა საავადმყოფოში გარდაცვლილის სასამართლო-მედიკური გამოკვლევა გაიცა დასკვნა, და გამოძიებას აღარ აქვს სამედიცინო დანაშაულზე ეჭვი, ანუ, საქმე არ აღიძრა, ასეთ შემთხვევაში დასკვნას ვეღარავინ ნახულობს გამომძიებლის გარდა, გარდაცვლილის ოჯახის წევრიც კი, არ ხდება ხარვეზების გაანალიზება. კი, დანაშაულზე ეჭვი აღარ არის, მაგრამ ხარვეზი, ან სხვა ტაქტიკის არჩევის გზა, ან შემთხვევის განსაკუთრებულობა აღარ წარმოადგენს აღარც გამოძიების, აღარც სამედიცინო დარგის ინტერესს. ვფიქრობ, ეს ნონსენსია.

ასეთივე ხარისხის ნონსენსია, როცა სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ დავის შემთხვევაში ყველა ექიმი ერიდება, რომ დაწეროს თავისი ობიექტური მოსაზრება, ანუ სიმართლე, რაც კოლეგიალობით აიხსნება! ვთვლი, რომ მცდარია ასეთი მიდგომა და ეს ისევ მედიცინას და პაციენტს ვნებს, კონკრეტულსაც და მომავალსაც, იმიტომ, რომ ექიმის შეცდომებზე სწავლას და პროფესიულ ზრდას აფერხებს!

რატომ ვწერ ამდენს? იმიტომ, რომ თანამედროვე ქართული მედიცინის ძლიერი და სუსტი წერტილები გეოგრაფიულად, მისამართებით ვიცით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა, ზოგი ექიმის მეშინია კიდეც! რატომ მივედით აქამდე, ამას სერიოზული, კომპლექსური ანალიზი სჭირდება, მე მხოლოდ რამდენიმე მიზეზ-შედეგობრივი ხაზის დანახვა და გამოცალკევება შემიძლია.

და სწორედ ამ ფონზე, დღეს, ქართული მედიცინა პანდემიის ასეთ ციფრებს თუ გაუძლებდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი!

რა მოხდა? ჩემი აზრით, მედიცინის “არამომგებიანმა”, და ამის გამო კომერციალიზაციას გადარჩენილმა, “პავლოვზე”, პრაქტიკულად დანგრეულ შენობებში მომუშავე, საბჭოური მედიცინის საძირკველზე აღზრდილმა და მოგვიანებით, თანამედროვე დასავლური მედიცინის მიღწევებს ფართოდ ნაზიარებმა, მეცნიერული აზროვნების, თამამი და დამოუკიდებელი ხელწერის მქონე, ინფექციონისტების ქართულმა სკოლამ, დიახ, ძლიერმა, ტრადიციულმა სკოლამ, გაზაფხულზე გადაიბარა პანდემიის მართვის სადავეები.

ჩემი სპეციალობის გადასახედიდან რეანიმატოლოგების “მინუსებიც” გეოგრაფიული სიზუსტით ჩანს, მისამართების მიხედვით. ბევრი ძლიერი ექიმ-რეანიმატოლოგის ფუფუნება არ გვქონდა ამ წლის გაზაფხულზე. მეშინოდა, რომ ორიოდე წლის წინ, გადაუდებელ დახმარებაზე ძალიან სწრაფად გადაკვალიფიცირებულ ახალ ექიმ-რეანიმატოლოგებს და არასათანადო ხელფასის გამო მრავალ ადგილზე მომუშავე, უზომოდ გადაღლილ, და ზოგ შემთხვევაში პროფესიულად გადამწვარ, ექიმ-რეანიმატოლოგებს ასეთ სირთულეებთან გამკლავება გაუჭირდებოდათ. საქმეში ჩაუხედავი ჟურნალისტები იმას კითხულობდნენ, სასუნთქი აპარატები თუ არის საკმარისიო, მერე, საწოლ-ფონდი თუა საკმარისიო! მთავარი საშიშროება კი ის იყო, საიდან უნდა მოსულიყო ამ აპარატებთან მომუშავე მაღალი კლასის ამდენი პროფესიონალი!

ყველა არასამედიცინო სპეციალობისგან განსხვავებით, ექიმ-სპეციალისტის მომზადებას რამოდენიმე წელი სჭირდება, გამოცდილი სპეციალისტისას-ათწლეულები, აი, მაღალი კლასის სპეციალისტი შეიძლება ვერასდროს გახდეს
გამოცდილი სპეციალისტიც კი!

ჩემი შიშის შესახებ ხმა არ ამომიღია, უთანასწორო ბრძოლაში შესული ან უნდა გაამხნევო, ან უნდა გაჩუმდე, არ “დათარსო” მაინც!

2020-მა აჩვენა, რომ პანდემიამ ერთ-ერთი ურთულესი სფეროს წარმომადგენლები, ექიმი-რეანიმატოლოგები პროფესიულად ძალიან სწრაფად გაზარდა და დღეს ისინი ჯერ კიდევ უმკლავდებიან მეორე ტალღას კი არა, ცუნამს!

ხელის დაფარება და წაყრუება რომ არ შემიძლია და არ მინდა ჩემს საქმეში, იმიტომაც ბევრი ექიმი ნაწყენიც არის ჩემზე, ისევე, როგორც ალბათ, ბევრი ძალოვანი, გამომძიებელი… მაგრამ, მე ჩემს საკეთებელს ვაკეთებ, ეს ჩემი სპეციალობაა და სხვანაირად არ შეიძლება!!!კოლეგიალობა ჩემთვის არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს”ხელის დაფარებას”!

სწორედ ამიტომ, ვაძლევ თავს უფლებას, რომ ჩემს გვერდზე ეს კილომეტრ-ნახევრიანი პოსტი დავწერო:

-ჰეი, თქვენ, დაბოღმილო ან პოლიტიკურად ანგაჟირებულო არა-კოლეგებო! თუ ოდნავ მაინც გაგეგებათ ქართული სამედიცინო სისტემის ანატომია, თუ ოდნავი ანალიზის უნარი გაგაჩნიათ, როგორ გიბრუნდებათ ენა, ამ მრავალგზის დასეტყვილ სისტემას, ამ დაჭრილ-დაფლეთილ სისტემას დღეს, როცა ის თავისი შესაძლებლობის ყველა ზღვარზე მაღლა ავიდა და დღეში 4-5 ათას კოვიდ-ინფიცირებულს უძლებს, გამხნევების ნაცვლად, თქვენი, ვაი-ექიმების, პატარა ხელებით მოზელილი ჭუჭყი და ტალახი ესროლოთ! კადრებაზე არაფერს ვამბობ, ეს მორალური კატეგორიაა; მაგრამ, როგორ ბედავთ!

-თქვენთვის ამომრჩეველი ანგარიშგასაწევი ძალაა და განკურნებული, გადარჩენილი პაციენტი ამომრჩეველი არაა, გგონიათ?! გადარჩენილების და განკურნებულების ციფრებსაც დახედეთ, თვალახვეულებო!

-რა უგუნურება შეგეყარათ, რატომ დაეცით ასე! არაპროფესიონალი, არაექიმი შეიძლება “დააბოლოთ”, ცდილობთ, თქვენი მოკლე პოლიტიკური ჭკუით, მედ.მუშაკები “ბუნტისთვის” და “გაფიცვისთვის” მოამზადოთ, ცალკე კი საზოგადოება მათ წინააღმდეგ განაწყოთ!

-რა სიმდაბლეა, ეს რა ავადმყოფ ტვინში უნდა მოხარშულიყო, გაფიქრებაც კი შემზარავია! მსოფლიო ომებისა და მედიცინის ისტორიაშიც ალბათ მსგავსი სიმდაბლე და მავნებლობა გაუგონარია!

მაგრამ, დეფორმირებულ რეალობაში მოხვედრილებო, ანბანური და მარადიული ჭეშმარიტება გავიწყდებათ, რომ; თეთრხალათიანი, რომელიც დატოვებს ავადმყოფს განსაცდელში, მორალურად სამუდამოდ ტოვებს თეთრ ხალათს, ხოლო კანონის წინაშე, სისხლის სამართლის დამნაშავე ხდება!!! სხვათაშორის, ამის წამქეზებელიც თანამონაწილე და დამნაშავეა!

უდიდეს მხარდაჭერას გამოვხატავ ფრონტის წინა ხეზზე მებრძოლი ქართველი მკურნალების მიმართ, გამხნევდით, თქვენ თქვენს თავს უკვე აჯობეთ, ყველა მოლოდინს გადააჭარბეთ, თქვენ საოცარ დატვირთვას უძლებთ, უმოკლეს დროში თქვენ სრულიად წარმოუდგენელი პროფესიული გამძლეობა აჩვენეთ! გამხნევდით! უფალმა და ყველა სასწაულმოქმედმა გაგაძლიეროთ!

მესმის, სამწუხაროდ, იქნება შეცდომებიც, მაგრამ, როგორც ომში, როგორც მასიური კატასტროფების დროს, შეცდომის მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევა ვერ მოხდება, ეს განსაკუთრებული მდგომარეობების სამწუხარო რეალობაა, აქაც, მსოფლიოშიც და მედიცინის ისტორიაშიც! საფუძვლიანი გაანალიზება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ხდება. . . . ესეც უნდა გავიაზროთ!

უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმულ მკურნალებს ზურგში ნუ ესვრით ტყვიებს და ზარბაზნებს, საკუთარი პოლიტიკური მიზნების, დაბოღმილობის ან არშემდგარობის მიზეზით! გაახილეთ თვალები, დაინახეთ, აღიარეთ, თანამედროვე ქართული მედიცინის სუსტ სხეულს ჯერჯერობით, ამ რეალობაში, ამ პირობებში, ამ რესურსით, რამხელა ტვირთის აწევა შესძლებია!

მახსენდება მშვენიერი ნაწარმოები, “სიგიჟესთან მებრძოლი კაცი”, და ციტატა: “ჰგავდა დათვთან მებრძოლ ბიჭს, რომელიც ღმერთს ეუბნებოდა, ჩემს დახმარებას არ გთხოვ, უფალო, მაგრამ, გთხოვ, დათვს ნუ დაეხმარებიო!”

-ავადმყოფის საწოლებთან მდგომი ექიმების წინააღმდეგ დათვს ნუ ეხმარებით, აჟიტირებულო და ეგზალტირებულო “ტელე-ექიმებო”!!!
მშვიდობიანობის დროს, ექსპერტიზის ჩატარებისას, რაც უნდა გეხვეწოთ, ობიექტურ მოსაზრებას, სიმართლეს ვერ დაგაწერინებთ კაცი, “კოლეგიალობის” მორალურ კატეგორიებს ეფარებით!

არაერთი შემთხვევა მახსენდება, დღეს პოლიტიკურად ანგაჟირებულ ექიმებზე, (საქმეში რაც გახდა ჩემთვის ცნობილი, იმ გვარების დასახელება არაა ჩემი “ჰობი”) მათ ავადმყოფებს როგორი მძიმე დიაგნოზები ეწერათ, სანამ ეს პაციენტები მათთვის კარგი გადამხდელი და პატივსაცემი კაცები იყვნენ! რიგი გარემოებების გამო ეს ავადმყოფები ციხეში რომ აღმოჩნდნენ. ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭირო გახდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება და როგორი “ჯანმრთელები” გახადეს იგივე ექიმებმა ის ავადმყოფები ფურცელზე, კორონარები როგორ “გაუსუფთავეს” ფურცელზე, ორგანოები როგორ “გამოუჯანმრთელეს”ფურცელზე! ან იქნებ, სულაც, მანამდე “აბოლებდნენ” კარგად “გასაწეწ” კლიენტს?! ეს პატიმრები, თავიანთ მძიმე ავადმყოფობაში დარწმუნებულები, იმ “თავისი”ექიმებისგან დახმარებას კი არა, სიმართლეს ელოდნენ, მაგრამ, რას იზამ, ციხის ჰაერი ხომ “კურნავს”!!! ეეეეეჰ!!!
უფალმა განსაჯოს!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები