LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ ერთი პრიქველი გააუქმა და მეორეს იღებს

326
74614751-1002355920109222-8216170629343215616-n

HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი პრიქველი გააუქმა, მეორეზე მუშაობის დაწყება კი დაადასტურა. არხის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ HBO აღარ გადაიღებს „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთ პრიქველს, რომელშიც მთავარი როლი ნაომი უოტსს უნდა შეესრულებინა.

„სისხლიანი მთვარე“ ერთ-ერთი იყო იმ ოთხი პრიქველიდან, რომლის გადაღებასაც HBO გეგმავდა. ის იყო პირველი პროექტი, რომლის პილოტიც არხმა  რამოდენიმე თვის წინ შეუკვეთა, თუმცა ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ამ პროექტზე მუშაობა აღარ გაგრძელდება.

სერიალზე სხვებთან ერთად უნდა ემუშავა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ საგის ავტორს, ჯორჯ მარტინსაც, რომელიც ახალი სერიალის შემოქმედებით ჯგუფში დარჩება. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშები“ სწორედ მარტინის ეპიკურ საგას ეფუძნება.

მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი ვეღარ იხილავს სერიალს თეთრ მოსიარულეებზე, ვესტეროსის პირველ „გრძელ ღამეზე“ და ლეგენდარულ გმირ აზორ-აჰაიზე, გულს ნუ გაიტეხთ, რადგან წინ არანაკლებ საინტერესო მეორე პრიქველია, რომელიც HBO-მ პილოტის შეკვეთის გარეშე, პირდაპირ დაამტკიცა.

ახალ სერიალს  „House of The Dragon” ერქმევა და იგი ჯორჯ მარტინის წიგნს „ცეცხლი და სისხლი“ დაეფუძნება. „სამეფო კარის თამაშების“ ეს პრიქველი ტარგარიენების ოჯახის  მიერ ვესტეროსის დაპყრობაზე მოგვითხრობს „GOT”-ში განვითარებულ მოვლენებამდე დაახლოებით 300 წლით ადრე.

ცნობილია რომ „House of The Dragon” – ის  პირველი ეპიზოდის და პირველი სეზონის ეპიზოდების უმეტესობის რეჟისორი მიგელ საპოჩნიკი იქნება, რომელმაც „სამეფო კარის თამაშებში“ ყველაზე შთამბეჭდავი საბრძოლო ეპიზოდები გადაიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ამაზე არხის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, ივარაუდება, რომ სერიალის პრემიერა 2020 წლის მაისში შედგება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები