LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Handy – სტარტაპიდან მცირე მეწარმეობამდე

170
HANDY

სოფო გურასაშვილს პირველად მაშინ შევხვდი, როცა მაჯის ხელნაკეთი საათების მწარმოებელი ქართული ბრენდი Handy პირველ ნაბიჯებს დგამდა. სოფო, რომელიც ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას ეუფლებოდა, სტარტაპის ეფექტიანად განვითარების გზებს თანადამფუძნებელთან, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტთან ნიკოლოზ გიგაიასთან ერთად ეძებდა.

Handy-ს ქართულ ბაზარზე გამოჩენას ხელი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ შეუწყო პროექტით „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“. პირველი საათები ტექნოლოგიური პარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში დამზადდა. შემდეგ იყო გამოფენები და შეკვეთები უცხოეთიდან. მომხმარებლის ხელნაკეთი ნივთებისადმი  მზარდი ინტერესი იყო ის, რამაც სოფოს ჩემთან საუბრისას ათქმევინა, რომ სწორედ ეს აძლევდა სტიმულს, საკუთარი პროდუქცია უკეთესი გაეხადა.

7 წლის შემდეგ Handy-ს მესვეურთან გასაუბრების შესაძლებლობა ისევ მომეცა. ამჯერად იმ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ბრენდის წინაშე პანდემიის შემდეგ და გააქტიურებული ონლაინ ვაჭრობის პირობებში დგას.

 სოფო გურასაშვილი, Handy-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი:

– 2016 წლიდან დღემდე საკმაოდ რთული გზა გამოვიარეთ. დასაწყისში სათანადო ფინანსებისა და გამოცდილების უქონლობის გამო ყველა ფუნქცია-მოვალეობას თავად ვინაწილებდით. წლებთან ერთად გავზარდეთ წარმოებაც და გავიზარდეთ ჩვენც. ნელ-ნელა შევიძინეთ დანადგარები და ახლა უკვე საკუთარი საწარმო გვაქვს. საათებთან ერთად დავიწყეთ სათვალეების წარმოებაც, მაქსიმალურად დავხვეწეთ ჩვენი პროდუქციის დიზაინი, მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხარისხი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტარტაპიდან მცირე საწარმოდ ვიქეცით.

სოფო, როგორც მახსოვს, თავდაპირველად ერთი საათის დამზადებას დაახლოებით 2-3 დღე უნდებოდით. დღეს რა დრო გჭირდებათ შეკვეთების შესასრულებლად?

– საათების კორპუსს სხვადასხვა სახეობის ხისგან ჩვენს საწარმოში ჯერ დანადგარების დახმარებით ვამზადებთ, შემდეგ კი ხელით ვამუშავებთ. ვამზადებთ საათის ნაწილებსაც. თუკი ადრე ერთი საათის შესაქმნელად რამდენიმე დღე გვჭირდებოდა, ახლა მაქსიმუმ ერთ საათს ვანდომებთ. დღეს უკვე მარაგის შექმნის შესაძლებლობაც გვაქვს და მომხმარებელს, ფაქტობრივად, ლოდინი აღარ უწევს.

– შეკვეთების ოპერატიულად შესრულების გარდა, რამ შეგანარჩუნებინათ ერთგული მომხმარებელი?

– სწორმა კომუნიკაციამ. ჩვენთვის მომხმარებლების კმაყოფილება ყველაზე მთავარია, ამიტომ მათ საჭიროებებს მაქსიმალურად ვერგებით, ყოველთვის მზად ვართ კითხვებზე საპასუხოდ, არავის არასდროს ვტოვებთ უყურადღებოდ.

– დღეს, როდესაც ბაზარი ასეთი კონკურენტულია, განსაკუთრებულად გააქტიურდა ონლაინ ვაჭრობა, რა გეხმარებათ მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნაში?

– ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ბაზარზე ცნობადობასთან ერთად მომხმარებლის ნდობა მოგვეპოვებინა და მისთვის ხშირად შეგვეთავაზებინა სიახლე. მიმაჩნია, რომ დღეს ყველაზე მთავარი ბრენდის რეპუტაციაა.

– როგორ გაუმკლავდით პანდემიის პერიოდს?

– პანდემიამდე ძველ თბილისში საკუთარი მაღაზია გავხსენით. პანდემიის გამო მისი დაკეტვა მოგვიწია, რამაც დიდი ზარალი მოგვაყენა. ფაქტობრივად, ის ენერგია, რომელიც სიახლეებსა და განვითარებაში უნდა ჩაგვედო, ბრენდის გადარჩენისთვის ბრძოლას მოვახმარეთ. ყველაფრის ნულიდან დაწყება ადვილი არ იყო, მაგრამ მოთმინებამ და მონდომებამ ისევ დაგვაყენა ფეხზე.

სოფო, ჩვენი ბოლო შეხვედრისას მითხარი, რომ თქვენი საათებით დაინტერესდნენ გერმანიიდან, ავსტრიიდან და ისრაელიდან. საქართველოს გარდა დღეს კიდევ სადაა თქვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი?

– ონლაინ არხების დახმარებით საათების შეძენა შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, თუმცა ჩვენ მიმართ ინტერესს უფრო ევროპის ქვეყნებიდან გამოხატავენ.

– როგორია Handy-ს ხვალინდელი დღე?

– ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს, რომლებსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ. ბრენდის რებრენდინგს, ახალი აქსესუარების, პრემიუმ ხაზისა და პროდუქციაში ქართული ელემენტების დამატებას ვგეგმავთ. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმების, მაგალითად, Amazon-ის, Etsy-s ათვისებასაც ვაპირებთ. ჩვენი სლოგანია „წარმატება დეტალებშია” და ყოველთვის სწორედ დეტალებზე ორიენტირებით განვვითარდებით.