„თბილისიმარათონი 2017“ 22 ოქტომბერს კვლავ გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორებმა მარათონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალეს.
„თბილისიმარათონი 2017“ 22 ოქტომბერს კვლავ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორებმა, თბილისის მერიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ გამართული მოლაპარაკების შედეგად, მარათონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალეს. „თბილისიმარათონი 2017“ ნაცვლად 9:00 საათისა, 8:30 საათზე დაიწყება და ღონისძიება 14:00 საათის ნაცვლად 11:00 საათზე დასრულდება, რაც დედაქალაქის ქუჩების პარალიზებისა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს. თბილისის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც მარათონის მონაწილეების, ასევე, მოქალაქეების ინტერესები გაითვალისწინა.
ღონისძიების მიზნების, ქველმოქმედებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციიდან გამომდინარე, თბილისის მერია წლებია, „თბილისიმარათონის“ მხარდამჭერია. დედაქალაქის მთავრობა წარმატებას უსურვებს სხვადასხვა გარბენის მონაწილეებსა და ღონისძიების ფარგლებში ჩამოსულ სტუმრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ განცხადებას ავრცელებს „თბილისიმარათონი 2017“-ის ორგანიზატორი კომპანია ”ჰაიდელბერგცემენტიც”.
”საორგანიზაციო ჯგუფს გვსურს ბოდიში მოგიხადოთ შექმნილი გაუგებრობებისა და პრობლემების გამო, რომელიც ღონისძიების გაუქმების გამოცხადებასთან იყო დაკავშირებული. ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი მონაწილეთა მოტივაციაზე არ იმოქმედებს და 22 ოქტომბერს ყველას გელოდებით რუსთაველზე, სტარტის ხაზზე!”, – აცხადებენ ”ჰაიდელბერგცემენტში”.