„ჰაიდელბერგცემენტი“ ახალი ქარხნის მშენებლობაში 30 მილიონ ლარს დახარჯავს.
როგორც კომპანიაში ,,ფორტუნას’’ განუმარტეს, ინვესტიციის ფარგლებში კასპის ცემენტის ქარხანაში მაღალი ძაბვის ქვესადგურებისა და ქარხნის სასხორის კირქვის კარიერის ახალი გზის მშენებლობა იგეგმება. თანხა ბიზნესის განვითარებაში 2016 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდება. ქარხანა კი დაახლოებით 2 წელიწადში ამოქმედდება.
ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ, “ჰაიდელბერგცემენტის” ჯგუფში შემავალი კომპანიები (შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ და შპს „ქართული ცემენტი“) 1 წლის განმავლობაში, სარკინიგზო გადაზიდვებზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ საბჭოს აქვს მიღებული.