ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია. გაეროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს ჰაერის დაბინძურების შედეგად განვითარებული დაავადებებით 6.5 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ექსპერტები ვარაუდობენ, 2050 წლისთვის ეს რიცხვი 50%-ით გაიზრდება.
გარემოს დაბინძურებას ისეთი ფაქტორები იწვევს, როგორებიც არის: წარმოება (დიზელის გენერატორები, ელექტრო გენერატორები, ქვანახშირის წვა), ტრანსპორტი (დიზელზე მომუშავე მანქანები), შენობაში წიაღისეული საწვავის წვა (გათბობა, განათება, ბუნებრივი აირის წვა).
ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება დახურულ სივრცეში ჰაერის ხარისხს. 2021 წელს ჟურნალ Atmosphere-ში კვლევის თანახმად, სიგარეტის კვამლში 6000-ზე მეტი ქიმიური ნივთიერებაა, მათი დიდი ნაწილი ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საფრთხის შემცველია, 40 კი კიბოს გამომწვევ მიზეზად სახელდება. აღნიშნული ნივთიერებები თამბაქოს მოხმარების შემდეგ რჩება როგორც ადამიანის ორგანიზმში, ასევე ჰაერში.
სწორედ ამიტომ, შენობაში მოწევა აკრძალულია ირლანდიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, უნგრეთში… აკრძალვა მოქმედებს საქართველოშიც.
დახურულ სივრცეში ჰაერის დაბინძურების შემცირების ერთ-ერთ გზას თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები წარმოადგენს. სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მოხმარების შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება გამოთავისუფლებული ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა.
2020 წელს ჟურნალში Risk Analysis გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის მოხმარების შედეგად გამოყოფილი აეროზოლი 10-25-ჯერ ნაკლებ მავნე ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს. შესაბამისად, როდესაც თამბაქოს კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებების რაოდენობის შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს ზიანის შემცირება არა მხოლოდ მწეველებს, არამედ მათ გარშემომყოფებსაც მიემართება.
ჟურნალ Atmosphere-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ “თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების მოხმარების შედეგად, ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით, მცირდება ჰაერში მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა, შედეგად მცირდება მოწევასა და პასიურ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკები”.