ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში დღეს ჩამოვა. იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი უწყებისა და პროკურატურის წარმომადგენლები ბუნსუდას ხვალ შეხვდებიან.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰააგის პროკურორმა მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაციაზე მოითხოვა ნებართვა ჰააგის მოსამართლისაგან, რომ ჩაატაროს გამოძიება აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდზე. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩვენთვის, რადგან ჩვენ მხოლოდ ეთნიკურ წმენდაზე არ გავაკეთებთ აქცენტს. ჩვენთვის, რა თქმა, უნდა, მთავარია ეთნიკური წმენდის ნაწილი, სადაც, როგორც მთავარი პროკურორი ამბობს, დღეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 75%-ით არის შემცირებული ეთნიკური ქართველების რიცხვი, ჩვენ შევძლებთ, დავამტკიცოთ − და ამაზე ვიმუშავებთ − რომ ქართველების ეთნიკური წმენდა ჩატარდა. ჩვენ, ასევე, ვიმუშავებთ იმაზე, რომ ყველა ეთნიკურად ქართველი ადამიანი, იქნებოდა ეს სამოქალაქო პირი თუ ჩვენი სამხედრო, რომლებიც იყვნენ ნაწამები, ამაზეც ჩატარდეს გამოძიება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქართულ ინტერესს ამ საქმეში და ძალიან კარგია, რომ რომელიმე ერთი ან ორი მიმართულება კი არ გადაეცა გამოძიებისთვის, არამედ მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაცია.
გავეცანით პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც 160 გვერდისაგან შედგება. გამოვიყენებთ იმ პროცედურულ უფლებებს, რაც გვაქვს რეგლამენტით მონიჭებული და შესაგებელს წარვადგენთ, რომ გამოძიების სხვა მიმართულებებიც იყოს პირველივე დღიდან პრიორიტეტული; მათ შორის, მაგალითად, ქართველი სამხედროების წამება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა