ნიდერლანდების სასამართლომ 31 წლის ქართველ მამაკაცს, ლევან მ.-ს, ქალაქ ჰააგაში გამართულ ფესტივალზე, ქალისთვის ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ნემსით ჩხვლეტის გამო 5-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიამ გაავრცელა.
ეს ნიდერლანდებში პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ დაადასტურა, რომ ადამიანმა მეორე ადამიანის ორგანიზმში ნემსით ნივთიერება უნებართვოდ შეიყვანა.
ბრალდებულმა აღიარა, რომ ნემსი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა თავდასხმა უარყო. „მე მაბრალებენ იმას, რაც არ გამიკეთებია,“ – თქვა ბრალდებულმა.
მისი თქმით, კბილის ტკივილი აწუხებდა და ნემსიც სწორედ ამისთვის სჭირდებოდა.
გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე მოწმემ დაინახა, რომ მამაკაცმა ნემსი რამდენიმე სხვა ადამიანსაც გაუკეთა, თუმცა სასამართლო მას მხოლოდ ერთ შემთხვევაზე ედავება.
ფესტივალის ტერიტორიაზე მოქმედმა სამედიცინო პერსონალმა ქალის ფეხზე წითელი წერტილი აღმოაჩინა, რომელიც მათი თქმით, ნანემსარია. ამის შემდეგ კი ქალი თავბრუსხვევის გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზარალებული შოკირებულია, როგორც გამოცემას ადვოკატმა განუცხადა, ქალს რამდენიმე ტესტი უკვე ჩაუტარდა და რამდენიმე თვეში შემოწმება კვლავ უნდა გაიაროს, რათა დარწმუნდეს, რომ პოტენციურად დაბინძურებული ნემსით არ იყო ინფიცირებული.
პოლიცია მოუწოდებს ფესტივალზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარების პუნქტებს.