2019 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 200-მდე პროექტი დაასრულა.
„2019 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 394 მილიონი ლარით შესრულდა, რაც დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით 107 %-ია (1.302 მილიონი ლარი), ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან მიმართებით 105% (1.323 მილიონი ლარი). ამ დროისთვის ჩქარონსული მაგისტრალების ნაწილში აშენებულია 208 კმ. გზა, სამუშაოები მიმდინარეობს 142 კმ-ზე და დამატებით სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 50 კმ-ზე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პროექტებზე დასაქმებული ადამიანების 80 % საქართველოს მოქალაქე იქნება.
2019 წელს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა რიკოთის უღელტეხილის ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე, ხელშეკრულება გაფორმდა პირველ – ჩუმათელეთის-ხევის მონაკვეთზე, სადაც მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მეოთხე შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. ასევე, ხელშეკრულება გაფორმდა ქვეშეთი კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე.
2020 წელს დაგეგმილია ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის და ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 41 კმ-იანი ახალი ორი ზოლის მშენებლობის დასრულება, რაც ამ ორ ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისგან სრულად განტვირთავს და მოძრაობა გაიხსნება სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იან მონაკვეთზე.
2019 წელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 804 კმ. გზას, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია. ასევე განხორციელდა 52 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2019 წელს რეაბილიტირდა ისედი დიდი და მნიშვნელოვანი გზები, როგორიცაა ნიჩბისი-დიდიგორო-დიდი-თონეთის 26 კმ-იანი გზა, რომელიც მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა, ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი გზა და კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკას 16 კმ-იანი მონაკვეთი.
ამასთანავე, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ტურისტული მარშრუტების რეაბილიტაციის მიმართულებით, მათ შორის დასრულდა ცაგერში, ხვამლის მთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს და 2020 წელს დასრულდება ხონში, ოკაცეს კანიონთან მისასვლელი გზის, ხიდების და ძამას ხეობაში, ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის გზის რეაბილიტაცია. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება დავით გარეჯის მონასტერთან მისასვლელ გზას,”-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2020 წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 1 მილიარდ 315 მილიონი ლარი იქნება.