LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზა ვარსკვლავებისაკენ – 11 საუკეთესო ფილმი კოსმოსზე

7715
#ფილმები

ადამიანს უხსოვარი დროიდან აინტერესებდა, რა ხდება დედამიწის საზღვრებს მიღმა. კოსმოსი ხომ საოცარი ადგილია – აქ არის უამრავი პლანეტა, სადაც შესაძლოა არამიწიერი ცივილიზაციები და დაუვიწყარი თავგადასავლები დაგხვდეთ. წარმოგიდგენთ საუკეთესო ფილმებს კოსმოსისა თუ შორეულ გალაქტიკებში მოგზაურობის შესახებ.

„უცხო“ /  (Alien, 1979)

„კოსმოსში ვერავინ გაიგონებს შენს ყვირილს“ –  „უცხოს“ პოსტერზე განთავსებული ეს სლოგანი სრულიად აღწერს ფილმის მთავარ გზავნილს. სიგურნი უივერის გმირი – ოფიცერი რიპლი განწირული კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრია, რომელსაც თანაგუნდელებთან ერთად უცხოპლანეტელთან შეხვედრა და გადარჩენისათვის ბრძოლა უწევს.

არამიწიერი ურჩხულის დიზაინი შვედ სიურრეალისტ მხატვარს, გიგერს ეკუთვნის. ფილმმა საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ფანტასტიკის ახალ მიმართულებას და სრულიად დამსახურებულად შედის ჟანრის ყველა დროის საუკეთესო ფილმების სიაში.

„მაღალი საზოგადოება“ / (High life, 2018)

ფილმი სიკვდილმისჯილთა არჩევანზე მოგვითხრობს, რომლებსაც სიკვდილისაგან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი გზა აქვთ – დათანხმდენენ ექსპერიმენტულ პროექტში მონაწილეობაზე, რომლის ფარგლებშიც მათ შავი ხვრელიდან ალტერნატიული ენერგიის მოპოვების დავალება აქვთ. სიუჟეტის განვითარების პარალელურად, გმირები სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობით უდიდესი შეცდომა დაუშვეს და იქნებ ამას სიკვდილი სჯობდა კიდეც. ფილმში მთავარ როლებს ჟულიეტ ბინოში და რობერტ პატინსონი ასრულებენ.

„აპოლო 13“ / (Apollo 13, 1995)

ტომ ჰენკსი, კევინ ბეიკონი და ედ ჰარისი გვიჩვენებენ, თუ როგორი უნდა იყოს ფილმი კოსმოსურ კატასტროფაზე. არანაირი მზისკენ მიმარტული ბირთვული რაკეტა ან უცნობი არამიწიერი სახეობის კვერცხები – მხოლოდ საზარელი უიმედობა ხომალდიოს ეკიპაჟის წევრებს შორის, რომლებიც კოსმოსში გადარჩენის შანსის გარეშე იმყოფებიან.  ფილმი რეალურ მოვლენებს ეფუძნება, იგი „აპოლო 13“-ის კატასტროფის შესახებ მოგვითხრობს, რომლის გადაღების დროსაც შემოქმედებითი ჯგუფი და რეჟისორი რონ ჰოვარდი მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდნენ NASA-ს წარმომადგენლებთან.

„გრავიტაცია“ / (Gravity, 2013)

ალფონსო კუარონის თრილერი ნამდვილად იმსახურებს აღიარებას და „ოსკარის“ ათივე ნომინაციას. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ძირითადად ერთი პერსონაჟის გარშემო ტრიალებს, მისი ყურებისას ერთ წუთსაც ვერ მოიწყენთ.

სიუჟეტის ცენტრში ახალბედა ასტრონავტია (სანდრა ბალოკი), რომელიც კოსმოსში პირველად მიფრინავს. მას კოსმოსურ სადგურზე გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრა ევალება, რის შემდეგც უკან უნდა დაბრუნდეს, თუმცა გაუთვალისწინებელი უბედური შემთხვევის წყალობით, ამისათვის სერიოზული შრომა მოუწევს. რაც მთავარია, ბალოკის გმირმა ეს მისია მარტომ უნდა შეასრულოს.

„სოლარისი“ /  (Solaris, 2002)

სტივენ სოდერბერგის ფილმი ჯორჯ კლუნის გმირის, კრის კელვინის მოგზაურობაზე მოგვითხრობს, რომელიც შორეულ კოსმოსურ სადგურზე სტუმრობისას აღმოაჩენს, რომ სადგურის ეკიპაჟის წევრების უდიდესმა ნაწილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მალევე კელვინი ხვდება, რომ სადგურზე რაღაც ძალიან უცნაჯური ხდება – იგი დიდი ხნის გარდაცვლილ ადამიანებს ხედავს, რომელთა შორისაც მისი ცოლი, რეიაც არის.

„პანდორუმი“ /  (Pandorum, 2009)

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც კაცობრიობის მიერ უცხო პლანეტის კოლონიზაციის მცდელობაზე მოგვითხრობს. მას შემდეგ, რაც ოვერპოპულაცია დედამიწის ყველაზე სერიოზული პრობლემა ხდება, 60000 ადამიანი გიგანტური ხომალდით „სხვა დედამიწის“, პლანეტა ტანისისაკენ მიემართება. მოგზაურებმა საძილე კაფსულებში 123 წელი უნდა გაატარონ, თუმცა მათ წარმოდგენაც არ აქვთ, წინ რა ელით…

„ვარსკვლავთშორისი“ /  (Interstellar, 2014)

მომავალის დედამიწაზე გავრცელებული მცენარეთა დაავადებების გამო პლანეტა ყოველ წელს სულ უფრო უნაყოფო ხდება. „ნასას“ ყოფილი პილოტი კუპერი მიწვევის შემდეგ ერთვება სპეციალურ მისიაში, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს შავი ხვრელის, „გარგანტუას“ ირგვლივ მდებარე სამი, ადამიანის ცხოვრებისათვის პოტენციურად ხელსაყრელი პლანეტა. კუპერს ეს მისია ყველაფრის ფასად უჯდება, თუმცა მან კარგად იცის, რომ კაცობრიობის ხსნა მხოლოდ იმ პასუხებშია, რომელთა საპოვნელადაც იგი მისიას შეუერთდა.

,,ანიარა” /  (Aniara, 2018)

ადამიანები დაცარიელებული დედამიწიდან ახალ სახლში, მარსზე მიემგზავრებიან. მგზავრები კოსმოსური ლაინერებით გადაჰყავთ წითელ პლანეტაზე, თუმცა ერთ-ერთი ხომალდი „ანიარა“ კურსს ასცდება და ღია კოსმოსში იკარგება, მისი მგზავრები კი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო კარგავენ ადამიანის სახეს…

„2001 წელი: კოსმოსური ოდისეა“ /  (2001: A Space Odyssey, 1968)

„კოსმოსურ ოდისეას“ ხშირად სტენლი კუბრიკის საუკეთესო ნამუშევარს უწოდებენ და არც თუ უსაფუძვლოდ.  რეჟისორი ფილმში ყველა საინტერესო საკითხს შეეხო, დაწყებული ხელოვნური ინტელექტით, რომელსაც „ღმერთის კომპლექსი“ აქვს, დამთავრებული არამიწიერი წარმოშობის მონოლითებით და ღია კოსმოსში მოგზაურობით.  1968 წელს გადაღებული ფილმი დღემდე შანრის ერთ-ერტ საუკეთესო და ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, საუკეთესო სურათად მოიაზრება.

 „გათაკა“ / (Gattaca, 1997)

არც-ისე შორეული მომავლის საზოგადოებაში უკვე სრულიად ჩვეულებრივი ამბავია გენური ინჟინერიის დახმარებით სრულყოფილი ადამიანების დაბადება. იმისათვის, რათა კოსმოსში მოგზაურობის ნება დართონ, ადამიანს სრულყოფილი გენები უნდა ჰქონდეს. ამ მხრივ ვინსენტ ფრიმენს არ გაუმართლა – იგი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ბუნებრივი გზით მოევლინა ქვეყანას. თუმცა ვინსენტი კოსმოსში გამგზავრებაზე ოცნებობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოცნება აისრულოს.

„იმპერიის საპასუხო დარტყმა“ / (The Empire strikes back, 1980)

შეგვეძლო უბრალოდ „ვარსკვლავური ომების“ საგა დაგვესახელებინა, თუმცა ამჯერად საგის რიგით მეხუთე ფილმზე შევჩერდებით. ორიგინალი ტრილოგიის მეორე ფილმი „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდია, რომელიც აგრძელებს ამბის თხრობას იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებულების ბრძოლაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები