2019 წლის პირველი იანვრიდან რძის გადამამუშავებელი საწარმოები აღარ შეიძენენ რძეს იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველები არაა იდენტიფიცირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.
ამ ცვლილების უმთავრეს მიზანს კი, რძისა და რძის პროდუქტების მომხმარებელთა დაცვა წარმოადგენს. რძის გადამამუშავებელი საწარმოები ჩაიბარებენ რძეს მხოლოდ იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველების იდენტიფიცირებულია შესაბამისი საყურე ნიშნებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ცხოველზე განხორციელებულია სახელმწიფო კონტროლი, ის ვაქცინირებულია და შემოწმებულია ვეტერინარის მიერ, რასაც მინიმუმადე დაჰყავს ზოონოზური ანუ, ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკი.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელის მიხეილ სოხაძის განმარტებით, ის, რომ ქვეყანამ აწარმოოს ჯანსაღი პროდუქტი, მათ შორის რძის პროდუქტი, ეს ყველას ინტერესში შედის, როგორც სახელმწიფოს, ასევე მომხმარებლისა და მეწარმის.
„არსებობს ისეთი სახელმწიფო პროგრამები, რომლის დროსაც აუცილებელია და სავალდებულოა ცხოველთა ვაქცინაცია. სხვა შემთხვევაში, ეს იწვევს ჯარიმას. აუცრელი პირუტყვი, წარმოადგენს პრობლემას არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. ისეთი დაავადება, როგორიცაა თურქული, თუ ქვეყანაში ეს დაავადება დაფიქსირდა, ქვეყნის როგორც საექსპერტო, ისე სატრანზიტო და შეიძლება, საიმპორტო პოტენციალსაც უდიდეს ზიანს აყენებს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესი და ვაქცინების გარკვეული პროგრამები არის სავალდებულო,“ – აღნიშნა მიხეილ სოხაძემ „ფორტუნასთან“.
რეგულაცია მსხვილი მეწარმეებისთვის 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, მცირე მეწარმეებს კი 2020 წლიდან მოიცავს.
„2020 წლამდე ასეთი საწარმოები ვერ მოწმდება სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამდე გარკვეული ხარვეზები იქნება. 2020 წლისთვის ის ადამიანები, რომლებსაც დღეს საოჯახო მეურნეობა აქვთ და ეწევიან მცირე მრეწველობას, ერთი წლის შემდეგ უკვე ვალდებული იქნებიან იგივე პირობები დააკმაყოფილონ. ნებისმიერ ფერმერს, რომელსაც რაიმეს გაყიდვა სურს, უნდა დარეგისტრირდეს 2020 წლიდან. მას აუცილებელია, რომ ჩანაწერები ჰქონდეს, რომელი პირუტყვისგანაა ნაწარმოები ყველი. როგორც დიდი ქარხანა მოწმდება, ასე უნდა შემოწმდეს მცირე გლეხური მეურნეობებიც. ამისთვის ისინი უნდა დარეგისტრირდნენ. მცირე ხანში სრულად ამოქმედება იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის სისტემა, რაც სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, რომ ზუსტად იცოდეს, სად, ვის რამდენი პირუტყი ჰყავს, ვინ თავისთვის იყენებს, ვინ ბაზარზე ცდილობს პროდუქციის გატანას და ა.შ. ნებისმიერ სარეალიზაციო პროდუქტს, რომელიც ბაზარზე მოხვდება, აუცლებელია ჰქონდეს ნიშანი,“ – განაცხადა მიხეილ სოხაძემ.
თავად ფერმერები ახალი რეგულაციის შესახებ საქმის კურსში არიან და „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნულს მიესალმებიან. „მზიანეთის“ დამფუძნებლის ემზარ ჯვარიძის განცხადებით, ესაა რეგულაცია, რომელიც აქამდეც უნდა ამოქმედებულიყო.
„ჩვენ კოოპერატივთან ერთად ვაწარმოებთ რძის პროდუქციას. მათ ჰყავთ საკუთარი პირუტყვი და მათგან ვიღებთ რძეს. ჩვენ გლეხებისგან აღარ ვიღებთ რძეს, მაგრამ რომც დამჭირდეს, უნდა იყოს იდენტიფიცირებული, რაღაც რომ იყოს, ყველაფერს თავისი სახელი რომ დაერქვას. ყველანაირად ვეთანხმები ამ რეგულაციას. ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინათ. მარტივია, დარღვევის შემთხვევაში მივხვდეთ, სად არის პრობლემა. თან ამ რეგულაციამ არამგონია ხარჯები გაგვიზარდოს,“ – აღნიშნა ემზარ ჯვარიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ არა ფართო მოხმარების, არამედ უფრო ძვირადღიერბულ პროდუქტს, დამბალ ხაჭოს აწარმოებს, ემზარ ჯვარიძისგან განსხვავებულად ფიქრობს, ხარჯების ნაწილში „სანათას სახლის“ დირექტორი მარიამ ხუცურაული. როგორც მან „ფორტუნას“ განუცხადა, ფართო მოხმარების პროდუქციის გაძვირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის იდენტიფიცირება გახდება ფასიანი.
„ამ ინიციატივას მხოლოდ მივესალმები. რადგან, ჩვენი პირუტყვი, ვისი რძისგან დამზადებულ ხაჭოსაც ჩვენ ვიღებთ, ყველა იდენტიფიცირებულია. ჩემი არგუმენტი ისაა, რომ ორი წლის წინ ფშავში საქონლის დიდი რაოდენობა იყო დაავადებული და ვერ დავადგინეთ საიდან იყო წარმომავლობა და ორი თვე გაჩერება მოგვიწია. ჩვენ იმ რძეს არ მოვიხმარდით, იმდენი საქონელი დაავადდა. ეს რეგულაცია კი, ამგვარი ტიპის ექსცესებს გამორიცხავს,“ – აღნიშნა მარიამ ხუცურაულმა.
ახალ რეგულაციას მოწინააღმდეგე არ ჰყავს არც გლეხებში. რეგულაციის არსი კარგად არ ესმის, თუმცა თუ ეს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელი პროდუქციის გარანტი იქნება, მხოლოდ მიესალმება ნათელა ჯანგირაშვილი. მას ჯერჯერობით, მხოლოდ სამი პირუტყვი ჰყავს და სარეალიზაციოდ მცირე ნაწარმი გააქვს, თუმცა, ის რომ პირუტყვი უნდა იყოს ჯანმრთელი და თუ საჭირო გახდება, აცრილიც, ამის წინააღმდეგი არაა. მთავარია, ეს არ გახდეს ფასიანი და მის მცირე წარმოებას დამატებითი ფინანსური რეგულაცია არ დაუწესდეს.
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მობინადრე ყველა ფერმერის წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელს, განურჩევლად ცხოველების რაოდენობისა, სახელმწიფო ვეტერინარი წელიწადში რამდენიმეჯერ უტარებს, სახელმწიფო პროგრამით გათვალიწინებულ უფასო ვაქცინაციას (ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი და სხვ…) და ახდენს საქონლის იდენტიფიკაციას საყურე ნიშნებით. ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის პროგრამისთვის სახელწიფო ყოველწლიურად 4.5 მილიონ ლარს ხარჯავს, აღნიშნული სერვისები კი, ფერმერებს სრულიად უფასოდ მიეწოდებათ.