LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გვსურს, პარლამენტის ყველა არჩეული წევრი პარლამენტში ვიხილოთ”-ნახევრად ცარიელი დარბაზი და ელჩი დეგნანი საქართველოს დროშის გამოსახულებიანი პირბადით

158
135

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ნახევრად ცარილე დარბაზში მიმდინარეობს.

ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს, შესაბამისად, არ შევიდნენ პარლამენტში და მათთვის განკუთვნილი სკამები დღეს ცარიელია.

პირველ სესიას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელიც სხდომაზე დღეს საქართველოს დროშის გამოსახულებიანი პირბადით გამოჩნდა. „გვსურს, პარლამენტის ყველა არჩეული წევრი პარლამენტში ვიხილოთ, მათ საკუთარი ადგილები დაიკავონ და ცვლილებებისთვის და თავიანთი ამომრჩევლების ინტერესებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ,“- აღნიშნა კელი დეგნანმა.

დღესვე, აშშ-ს საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გამოხატულია წუხილი იმის შესახებ, რომ პარტიების ლიდერების ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე.

ამავე დროს, მიმართვაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს.

“ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად. პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები