საქართველოს არ მიუღია მონაწილება შეხვედრაში, რომელიც მოსკოვში პლატფორმა „3+3“ ფორმატში გაიმართა, მაგრამ შემდეგი შეხვედრა იგეგმება თურქეთში და ჩვენ გვჯერა, რომ ამ შეხვედრაში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ისლამაბადში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ, რომელიც ავღანეთში ჰუმანიტარულ სიტუაციას მიეძღვნა.
როგორც აზერბაიჯანული და რუსული სააგენტოები, „აპა“ და „რია-ნოვოსტი“ იუწყებიან, მევლუთ ჩავუშოღლუმ გაიხსენა მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე „3+3“ ფორმატში გამართული შეხვედრა.
მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა განაცხადა, რომ შეხვედრები და დისკუსიები „3 + 3“ პლატფორმის ფარგლებში, მინისტრების მოადგილეების დონეზე, წელიწადში ორჯერ მაინც გაიმართება.