დიპლომატების პირველი გამოხმაურებები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე – ელჩები სოციალურ ქსელში ექიმს ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გამოშვებას ულოცავენ.
საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ პოსტს აქვეყნებს.
„მივესალმები იმ ამბებს, რომ ექიმი გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს სამხრეთ ოსეთიდან და დროულად შეხვდება ახალ წელს ოჯახთან ერთად. კვლავ მოვუწოდებ, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გაიხსნას გამშვები პუნქტები, უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი გადაადგილება და შეწყდეს უკანონო დაკავებები“, – აცხადებს შვედი დიპლომატი.
იქ მქონდა რამდენიმე შოკოლადი, მიწის თხილი, ახალი წლისთვის შენახული - ვაჟა გაფრინდაშვილი ტყვეობის დეტალებს იხსენებს
როგორც ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ახალი წლის გატარება პატიმრობაში მოუწევდა.
ყველა ქართველის და უცხოელი მეგობრების ერთიან ძალისხმევას ულოცავს საქართველოს უკრაინის საელჩო.
„უკრაინის საელჩო ყველას ულოცავს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებას. მოხარული ვართ, რომ ბატონი გაფრინდაშვილი ახალ წელს და შობის დღესასწაულს ოჯახთან და ძვირფას ადამიანებთან ერთად აღნიშნავს. საქართველოში უკრაინის საელჩო მიესალმება ყველა ქართველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოელი მეგობრების ერთიან ძალისხმევას, რამაც ექიმ ვაჟას გათავისუფლება შესაძლებელი გახადა“ – აღნიშნულია უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.
ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში, გუშინ გათავისუფლდა.