LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვჭირდება თუ არა მაპი ნატოში გასაწევრიანებლად?

100

საქართველოს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნატოში გასაწევრიანებლად მაპი სჭირდება, ამის შესახებ პოლიტოლოგმა, თორნიკე შარაშენიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, თავდაცვის მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. საქმე ეხება თინა ხიდაშელის იმ განცხადებას, სადაც მინისტრი ამბობს, რომ მაპი საქართველოსათვის ერთგვარი წარსულია. შარაშენიძის თქმით, ყველა დოკუმენტშია მითითებული, რომ საქართველოს სჭირდება მაპი, რაც არის აუცილებელი ეტაპი ალიანსში გაწევრიანებისათვის.

”დღეს დავიბენი, როდესაც ხიდაშელმა განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე მიდის, რომ გაწევრიანება მოითხოვოს. სადაც მაპს არ გაძლევენ, როგორ მოგცემენ გაწევრიანებას. ძალიან მაინტერესებს ვინ იყო მინისტრის დღევანდელი განცხადებების ადრესატი, შიდა თუ გარე აუდიტორია. მგონია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ხიდაშელის ამ ნათქვამს სერიოზულად არ მიიღებენ” – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

როგორც პოლიტოლოგმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, განაცხადა, ვარშავის სამიტისგან, თავდაცვის მინისტრისგან განსხვავებით, განსაკუთრებულს არაფერს ელოდება. თუმცა შარაშენიძე აქვე აღნიშნავს, რომ თინა ხიდაშელს, ბუნებრივია, მასზე მეტი ინფორმაცია აქვს და, შესაძლოა, რაიმე ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავდეს ნატო საქართველოსთან ერთად.

”ნატოს საწვრთნელი ცენტრი ნამდვილად კარგი პროექტია, რომელიც ამ მთავრობის დროს განხორციელდა და ამას ვერ დავუკარგავთ. ეს პროექტი არის უსაფრთხოების გარანტია საქართველოსთვის.  ვარშავის სამიტისგან არ უნდა ველოდოთ არც მაპს და არც გაწევრიანებას. თუმცა, შესაძლოა, ნატოს საწვრთნელი ცენტრის მსგავსი პროექტი განხორციელდეს და ეს კარგია” – განაცახად შარაშენიძემ.

რაც ეხება საკითხს, მოსალოდნელია თუ არა რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გაზრდა, ვარშავის სამიტის შემდეგ, შარაშენიძის განცხადებით,  რუსეთის მხრიდან საფრთხე გაიზრდება მაშინ, თუ საქართველო სუსტი იქნება, ხოლო თუ ქვეყანა იქნება ძლიერი, მაშინ ეს საფრთხე შემცირდება. ამიტომ, პოლიტოლოგის აზრით, რაც უფრო ახლოს იქნება ქვეყანა ნატოსთან, მით უფრო ძლიერი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები