ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა. როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა „მოდულის“ შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
„მთავარი პრობლემა, რაც გამოძიებას აქვს, არის ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია. როგორც ჩანს, ძალიან სჭრით ყურს ისეთი ტერმინები, როგორიც არის „ბოევიკი“ და „რევოლუციური სცენარი“, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ აქ არავინ გულისხმობდა სახელმწიფო გადატრიალებას, აქ საუბარია „რუსთავი 2“-ის დაცვაზე, ანუ ქმედებებზე რომელიც არის რეაქციული ხასიათის და არ გულისხმობს ისეთ პროაქტიურ ქმედებებს, როგორიც არის, მაგალითად, სადმე შეჭრა. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ სიტყვის თავისუფლების დაცვაზე. როგორი ფორმებით ფიქრობენ პოლიტიკური ძალები სიტყვის თავისუფლების დაცვას, მათი პრობლემაა, მე შემიძლია ყველას მოვუსმინო, მაგრამ მივიღო სხვა გადაწყვეტილება, რომელიც არ გულისხმობს ბარიკადების აგებას და ბუნებრივია, არც ბოევიკებს – განაცხადა გვარამიამ და აქვე აღნიშნა, რომ არც პირადად მას და არც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მიხეილ სააკაშვილისგან ფული არასოდეს აუღია.