LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუშინდელი პოზიტივის ავტორი არა მხოლოდ გახარია, მთლიანად სახელისუფლებო გუნდია – უმრავლესობის შეფასებები

77

რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის აცხადებს, რომ გუშინდელი “პოზიტივის ავტორი” არ არის მხოლოდ შს მინისტრი გიორგი გახარია, არამედ მთელი სახელისუფლებო გუნდია.

„რასაკვირველია, პოზიტიურად ვაფასებ. ეს არ იყო მხოლოდ გახარიას ქმედება. ამას წინ უძღოდა მოლაპარაკებები, სტრატეგიის დაგეგმვა და პრემიერმინისტრთან შეთანხმებული ყველა ნაბიჯი. ასე, რომ სახელისუფლებო გუნდი არის ავტორი, რა პოზიტივიც გუშინ მოხდა. არსებობს რაღაც საკითხები, სადაც შეკითხვები დარჩა და ამ შეკითხვებს სრული პასუხი გაეცემა,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

გუშინდელ დღეს აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რატი იონათამიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ქვეყანას ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანის უფლებებზე მზრუნველი მთავრობა ჰყავს.

“კონტრაქციის ორგანიზების შემდეგ, სიტუაცია მნიშვნელოვნად დაიძაბა და სწორედ ამ დროს უნდა გამოჩენილიყო ჩვენი ხელისუფლების გონივრულობა და კეთილგონიერება. ამიტომ, განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მიტინგზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა, რითაც განიმუხტა სიტუაცია და რამდენიმე წუთის შემდეგ, მას ტაშს უკრავდნენ ისინი, ვინც მანამდე მის გადადგომას ითხოვდნენ. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, ვინც ადეკვატურად უპასუხეს მიტინგზე შს მინისტრისა და თბილისის მერის მისვლას და ერთადერთი გონივრული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეს – აქციის დაშლისა და მსჯელობის სამუშაო ფორმატში გადატანის შესახებ,”- განაცხადა იონათამიშვილმა.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, გუნდში აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი.

„რაც შეეხება ოდენობების თუ სრულად ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხს, მე გამიჭირდება დღეს თქვენ გითხრათ, ეს რამდენიმე დღეში გადასაწყვეტი საკითხია, ამ ეტაპზე, შესაძლებელია, სრული კონსენსუსი თუ არა, იმიტომ, რომ მე ვიცი, რომ აქ არსებობს ორი განსხვავებული მოსაზრება,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი აკაკი ზოიძე ლეგალიზაციას არ ემხრობა და გამოსავლად დეკრიმინალიზაციას ხედავს.

“ყველა ნარკოტიკული საშუალება შეიცავს რისკებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. გამოსავალი კი ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, პრევენციაში ფულის ჩადება და ნარკორეალიზაციასთან დაუნდობელი ბრძოლაა, მათ შორის, სააფთიაქო ნარკომანიის გამკაცრება,” – განაცხადა ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები