LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ რომ თავქარიანი ჰამადრილი გაგაცანით, ის გეგონათ, ხომ? ააარა, ბატონო. ეს მეორეა!“

245
monkeynews20109

თბილისის ზოოპარკის სოციალურ ქსელში უსაყვარლესი მაიმუნის დაბადების შესახებ გვამცნეს, რასაც დიდი სიხარულით შეხვდა საზოგადოება, თუმცა, როგორც ჩანს, პატარა ერთი არაა და ჰამადრილების ოჯახს ერთდროულად ორი პატარა შეემატა. ამჯერად თბილისის ზოოპარკმა მეორეს ფოტო გამოაქვეყნა და დიდი პოსტიც მოაყოლა:

„ადრე, დათვის ტყავზე წამოკოტრიალებულ შიშლიკანა ბავშვებს რომ სურათებს უღებდნენ, ისეთი გამოვიდა ეს ფოტო. ოღონდ დათვის ტყავზე არა, დედაზე წევს.

ჰა, გუშინ რომ თავქარიანი ჰამადრილი გაგაცანით, ის გეგონათ, ხომ? ააარა, ბატონო. ეს მეორეა!

✌ დიახ, დიახ, ერთი კი არა, ორი პატარა გაგვიჩნდა. და კიდევ ერთხელ შეგიძლიათ, მოგვილოცოთ.

გუშინდელ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ერში. ძირითადად, ყველა აღფრთოვანდა, თუმცა იყო გამონაკლისებიც. ერთნი ამბობდნენ, ქვაზე დახატულ ეშმაკს რად შეადარეთ, ეს როგორ აკადრეთო. არადა, გვეგონა, ვიხუმრეთ. რომ გვეთქვა, სილამაზის აპოთეოზი და ესთეტიკის მწვერვალიაო, ალბათ, მერე იმაზე დაგვცინებდნენ, ყვავს თავის ბახალა ლამაზი ეგონაო. მეორენი შფოთავდნენ, მელოტი და გამხდარი რატომაა, ალბათ, შიმშილით კლავთ და შიგადაშიგ ტყიპავთო (ეს ბოლო ჩვენ დავამატეთ). თითქოს, რას ამბობ, ადამიანიშვილები სულ წვერ-ულვაშითა და მაჯის სისხო ნაწნავებით ვევლინებით ქვეყანას. სად გინახავთ, ლომი ფაფრით იბადებოდეს და ვაშლის ხე ვაშლმოსხმული ამოდიოდეს? არა, ჰამადრილების ნაშიერები ხითხითები და მსუქნები არ არიან. დიახ, გაწლიკულები არიან და მეჩხერბეწვიანები.

მოკლედ, დამაბნეველი არსებები ვართ ეს ადამიანები.

მაგრამ ეგ არაფერი.

სულაც არ ვბრაზობთ.

მთავარია, რომ ჩვენი პატარები კარგად გრძნობენ თავს. ჯანმრთელები არიან და აქტიურები, რაც განსაკუთრებით გვახარებს – ესენი ხომ წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკში დაბადებული პირველი ჰამადრილები არიან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები