გურული საოჯახო სასტუმრო booking.com-ზე განთავსდა. ”სკიჯის სახლი” სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს პორტალზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და ტურისტების ყურადღება უკვე მიიქცია. როგორც ”ფორტუნას” სასტუმროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ნატურალური, ქართული, ოჯახური ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი კომპანია ”სკიჯის” მფლობელმა, დარეჯან ბერძენიშვილმა განუცხადა, რამდენიმე მოგზაურმა ”სკიჯის სახლი” უკვე დაჯავშნა.
”ჩვენი საოჯახო სასტუმროს დამსვენებლები, ძირითადად, ადგილობრივები არიან და მათ დეფიციტს ნამდვილად არ ვუჩივით. თუმცა, იმისთვის რომ ”სკიჯის სახლი” უცხოელი ტურისტებისთვისაც საინტერესო გამხდარიყო, ის booking.com-ზე განვათავსეთ. დამსვენებლების განსაკუთრებულ მატებას აგვისტოს თვეში ველით. ვთანამშრომლობ რამდენიმე ტურისტულ სააგენტოსთან და შესაბამისად, ველოდები მათ მიერ გამოგზავნილ ტურისტულ ნაკადს”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ”სკიჯის სახლი” ჯერჯერობით სეზონური სასტუმროა და დატვირთვით, ზაფხულში მუშაობს. ახლო მომავალში კი მისი 4-ივე სეზონის კლიმატურ პირობებზე მორგება და მოწყობა იგეგმება, იმისთვის რომ, გურულმა საოჯახო სასტუმრომ მსურველებს ზამთარშიც უმასპინძლოს.
ცნობისთვის, ”სკიჯის სახლი” გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარეობს და ის 10 დამსვენებელზეა გათვლილი. როგორც ”ფორტუნას” დარეჯან ბერძენიშვილმა განუცხადა, საოჯახო სასტუმროში ღამის გათევა სტუმარს 60 ლარი დაუჯდება.
”ღირებულებაში შედის 2-ჯერადი კვებაც. ჩვენს დამსვენებლებს 100%-ით ნატურალურ საკვებს ვთავაზობთ, რომელიც ადგილობრივი პროდუქტებით მზადდება”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ”სკიჯის სახლი” გამორჩეულია არა მხოლოდ სამზარეულოთი, არამედ გარემოთიც. სახლი სოფლის ცენტრში მდებარეობს და სტუმარს შესაძლებლობა აქვს , დატკბეს გურიის ულამაზესი ბუნებით, გაგრილდეს მთის მდინარეებით.