LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”გურჯაანის ნაყინმა” ნაკლებ ცხიმიანი ნაყინი გამოუშვა

869

”გურჯაანის ნაყინმა” მომხმარებელს ახალი პროდუქცია შესთავაზა.  ბაზარზე უკვე გამოჩნდა ნაყინი ვაფლის ჭიქაში, სახელწოდებით ”პიკოლო”. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გურამ ბერიკაშვილმა განუცხადა,  ახალი ნაყინი მომხმარებელმა კარგად მიიღო და ”გურჯაანის ნაყინი” გაყიდვებით კმაყოფილია.

”პიკოლოს ფასი 50 თეთრია და იმის გათვალისწინებით, რომ ახლახანს ჩავუშვით სარეალიზაციო ქსელში,  გაყიდვები კარგად მიმდინარეობს. აღნიშნული ნაყინი 8 %-იანი ცხიმის შემცველობისაა, ჩვენი ვაფლის ჭიქაში ჩამოსხმული სხვა ნაყინებისგან განსხვავებით, რომლებშიც ცხიმის შემცველობა 12 %-ია”, – აღნიშნა ბერიკაშვილმა. მისივე ინფორმაციით,  ცხიმის დაბალი შემცველობის მქონე ნაყინზე მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან არსებობდა.

როგორც ”გურჯაანის ნაყინის” გენერალურმა დირექტორმა განმარტა, 2-3 დღეში კომპანია კიდევ ერთი სახეობის ახალ ნაყინს გამოუშვებს და ეს იქნება ”ყავის ნაყინი”. უახლოეს მომავალში კი მრავალპორციან, საოჯახო ტიპის ნაყინებს 750-გრამიან შეფუთვაში ჩამოსხმული ნაყინიც შეემატება.

”გამოვიწერეთ სპეციალური ჭურჭელი, რომლის ჩამოსვლისთანავე დავიწყებთ საოჯახო ნაყინის წარმოებას ახალი  შეფუთვით. ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ ნახევარ-კილოიანი და კილოიანი შეფუთვით, ამიტომ გვესაჭიროებოდა რაღაც შუალედური”, – განმარტა კომპანიის დირექტორმა და დასძინა, რომ საოჯახო ნაყინი იქნება სხვადასხვა არომატის, მათ შორის, მარწყვის და კაკაოს გემოთი.

შპს „აისი“ – იგივე „გურჯაანის ნაყინი“  რამდენიმე ათეული წელია ნაყინის წარმოებითაა დაკავებული. ამ ეტაპზე კომპანია 25-ამდე  დასახელების ნაყინს აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები