სააღდგომო დღესასწაულებზე ბევრი შეზღუდვა დაწესდა და უდიდეს რელიგიურ მოვლენას წელს სათანადოდ ვერ აღვნიშნავთ. შეზღუდვა შეეხო ტრადიციულ გურულ ლელობურთს, რომელიც სწორედ აღდგომას ტარდება ხოლმე სოფელ შუხუთში. ლელოს თამაში გურიაში არა, მაგრამ ბელარუსში მაინც გაიმართება, ქვეყანაში, სადაც აკრძალვებს ნაკლებად ემხრობიან და ოდიოზური ლიდერი ლუკაშენკო ცხოვრების გაჩერებას არ აპირებს.
ქართული ლელო ბელოვეჟის ტევრში გაიმართება.
“დიდი ხანია გვინდოდა, ამ იდეისთვის ხორცი შეგვესხა. იმდენი დამიწერია და წამიკითხავს ამის შესახებ. ობიექტურ გარემოებათა გათვალისწინებით, ვერ გეტყვით, რამდენი მონაწილე შევიკრიბებით. ვფიქრობ, პირველ ჯერზე რაგბის მატჩის მონაწილეებზე მეტი არ ვიქნებით. თუმცა მე იდეა მომწონს, იმათაც კი, ვინც პირველად მიიღებს მსგავს გამოცდილებას. ასე რომ, ვიდრე სეზონი არ დაწყებულა, “კავკასიური უიქენდის” ბელოვეჟის ტევრში გამართვა გადავწყვიტეთ – ქართული სუფრით, თამაშებით, ტრადიციებით”, – განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კირილ მასლაკოვმა.
აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო, როცა ლელობურთი არ ჩატარდა – 1989 წელს, 9 აპრილის ცნობილი მოვლენების გამო. მაშინ შუხუთში ბურთი სიმბოლურად ააგდეს.
ლელოს თამაშის ტრადიცია საუკუნეზე მეტს ითვლის. კომუნისტების ეპოქაში თამაში აღდგომის ნაცვლად 1 მაისს ტარდებოდა. ბოლო წლებში ლელობურთი ძალიან პოპულარული გახდა, მის სანახავად აღდგომას არაერთი უცხოელი ჟურნალისტიც ჩამოსულა.
კულტურის სამინისტრომ ლელოს თამაშს გასულ წელს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.