LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიიდან ექსპორტზე 5 000 ტონა ციტრუსი გავა

125

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიაში” ციტრუსის ჩაბარება-რეალიზაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.

საწარმო უკვე მესამე დღეა, რაც ადგილობრივებისგან ციტრუსს იბარებს. საწარმოს უკვე 300 ტონა ციტრუსი აქვს მიღებული. კომპანია მოსახლეობას სამუშაო ყუთებითაც უზრუნველყოფს.

საწარმოში გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე იმყოფებოდა და საწარმოს ხელმძღვანელთან დავით სიხარულიძესთან ერთად ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნო.

„წელს გურიაში გაცილებით მეტი ციტრუსის მოსავალი მოვიდა ვიდრე გასულ წელს. მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. დღევანდელი მონაცემებით ,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია” და სხვა საწარმოები მოსახლეობისგან ციტრუსს შეუფერხებლად იბარებენ და შესაბამისად, ამ მიმართულებით გურიის რეგიონში პრობლემები არ იქნება“, – განაცხადა გია სალუქვაძემ.

“ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია” 2013 წლის ბოლოს გაიხსნა. კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600 ათასი აშშ დოლარის სესხი აიღო.

საწარმოში ციტრუსის გადამამუშავებელ-დამხარისხებელი ხაზები და პროდუქციის შესანახი მაცივარ-საწყობი მოეწყო. დაემატა პლასტმასის ყუთების წარმოების ახალი ხაზი. ციტრუსის დამუშავება უმაღლესი ტექნოლოგიებით ხორციელდება. ჯამში 1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია მიმდინარე სეზონზე 5 ათასი ტონა ციტრუსის გადამუშავებას და ექსპორტს გეგმავს.

საწარმოში დასაქმებულია 300-მდე ადგილობრივი მოსახლე. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და დსთ-ს ქვეყნებში ხდება.