LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში პროექტი „ჩაის გზა” დაიწყო, რომელიც ტურისტებს მოიზიდავს

305
192842162-4137228736334065-9172818362315446319-n

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით რეაბილიტირებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერა.

„2016 წლიდან, სახელმწიფომ მეჩაიეობის დარგის მნიშვნელოვანი განახლება დაიწყო. ხორციელდება საგრანტო დახმარებები და 90 პროცენტიანი თანადაფინანსება მიტოვებული და განადგურებული პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციისათვის. შპს „ლაითური – ჩაის საექსპორტო კომპანია“ არის ამის თვალსაჩინო მაგალითი, ერთ-ერთი წარმატებული მეურნეობა, სადაც უკვე პროდუქციას იღებენ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ქართული ჩაის აგროტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ევროპული ქვეყნებიდან, სადაც ჩაის აწარმოებენ და, შესაბამისად, აქცენტის გაკეთება აგროტურიზმის მიმართულებით შესაძლებელი და საინტერესოა; გურიის რეგიონში უკვე დაიწყო პროექტი „ჩაის გზა”, რომელიც ტურისტული ნაკადების ორგანიზებულად მართვას გულისხმობს.

ცნობისთვის, შპს „ლაითური – ჩაის საექსპორტო კომპანიამ“ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში, 25 ჰექტარამდე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოახდინა. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ  61,950 ლარი შეადგინა, საიდანაც 43,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა.

გურიის რეგიონში, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში, 203 ჰა-ზე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორცილდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 494,000 ლარს აჭარბებს, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 358,000 ლარზე მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები