ოზურგეთის რაიონში აგურის საწარმო გაიხსნება. როგორც ”ფორტუნას” ქარხნის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ინდმეწარმე შოთა მარგალიტაძემ განუცხადა, მშენებლობის პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება და საწარმო აგურების პირველ პარტიას უკვე ზაფხულში გამოუშვებს.
”საწყის ეტაპზე თვეში 60-70 ათას აგურის წარმოებას ვგეგმავთ. მათი რეალიზაცია კი ადგილობრივად, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მოხდება, რადგან მსგავსი საწარმო აქ ჯერ არ ფუნქციონირებს”, – აღნიშნა მარგალიტაძემ.
მისივე ინფორმაციით, საწარმოში 35-40 ადამიანი დასაქმდება, სამომავლოდ კი წარმადობის გაზრდა და შესაბამისად, დამატებითი კადრების აყვანაც იგეგმება.
”ჩვენი აგური ბევრი რამითააა განსხვავებული და მოსახერხებელი. თუნდაც ვიზუალურად, ის არის ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ჩვეულებრივი აგური. მისი სიგრძე-სიმაღლე-სიგანე 30-20-15 სანტიმეტრს შეადგენს. არის ჰიდრომედეგი – რაც გულისხმობს იმას, რომ ტენს არ იღებს ატმოსფეროდან და არც ატარებს. ასევე გააჩნია მაღალი თბოიზოლაციური თვისებები. ანუ, სიცივეში ინარჩუნებს სითბოს, სიცხეში კი – სიგრილეს”, – აღნიშნა ინდმეწარმემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული აგურები მშენებლობის დროს განსაკუთრებით მოსახერხებელია. ”თუ ბეტონის ბლოკი, რომელიც მშენებლობებზე გამოიყენება იწონის 25 კილოგრამს, იმავე პარამეტრების მქონე ჩვენი აგური მხოლოდ 6 კილოგრამს იწონის, შესაბამისად, მშენებლობის პროცესს აიოლებს”, – დასძინა შოთა მარგალიტაძემ.
როგორც მან განაცხადა, ამ ეტაპზე ქარხანაში უკვე 300 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიების შემდეგ კი, ინდმეწარმე დანადგარების დამატებას და მსხვილ ბრუნვაზე გადასვლას გეგმავს.