LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ დონაძე, მობრძანდი ჩემთან საკანში, ერთი ადგილი თავისუფალია -ზურაბ ბაქრაძე

138

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ზაზა (ზურაბ)ბაქრაძემ სასამართლოზე დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ რობაქიძის მკვლელობის შემთხვევის ადგილი გაყალბდა. ბრალდებულმა 2004 წლის 23-24 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იარაღები, რომელიც დაკავებულებს ჩაუდეს, ზურაბ მიქაძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან მოიტანა.

“რაციით გახდა ცნობილი, რომ წერეთლის გამზირზე იყო დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის. მერე დაურეკეს ლევან გვაზავას, რომელიც მაშინ ჩემი უშუალო ხელმძღვანელი იყო და უთხრეს, რომ ერთი ადამიანია დაჭრილი. ადგილზე მივედით ლევან გვაზავა, დავით იაშვილი, ირაკლი ფირცხალავა და მე. უმალვე მოვიდნენ ჩვენთან დონაძე და მიქაძე. მიქაძე მომიყვა, რომ შემთხვევით გაუვარდა პატრულს და ადამიანი გარდაიცვალა. ვუთხარი: დანაშაული გახსნილია, დააკავეთ და კრიმინალური პოლიცია დაგეხმარებათ რაც საჭიროა იმაში. მითხრა, ესე არ გამოვაო, იარაღებით იყვნენო. ვკითხე – იარაღი თუ ჰქონდათ და მიპასუხა მიქაძემ, იარაღებით არ არიან, მაგრამ უნდა იყვნენ… ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო, რომ უნდა მომხდარიყო შემთხვევის ადგილის გაყალბება და იარაღების ჩადება. კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნები უარზე ვიყავით და საუბარი ფაქტობრივად კონფლიქტში გადაიზარდა. მითხრეს – თუ პრეტენზია მქონდა, მივსულიყავი გენერალურ პროკურორ ადეიშვილთან. ამის შემდეგ გავჩუმდი”, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, იარაღის ჩადების და შემთხვევის ადგილის გაყალბების გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, დავით იაშვილი, ლევან გვაზავა და თავად ზაზა ბაქრაძე.

“მივიღეთ გადაწყვეტილება იარაღების მოტანის. ვაკე-საბურთალოს სამმართველოდან მოიტანა ზურაბ მიქაძემ იარაღები თავისი სამსახურის მანქანით. იაშვილმა დარეკა სამმართველოში და უთხრა, რომ მისთვის გამოეტანებინათ იარაღი. ამის შემდეგ ვინ ვის რა იარაღს უდებდა, ვერ გეტყვით. გაყალბებული შემთხვევის ადგილის გადაღებას აწარმოებდა გურამ დონაძე. თუ დადასტურდა ჩემი ჩვენების არასანდოობა და ცრუ ჩვენება, მზად ვარ დამატებითი მუხლითაც ვაგო პასუხი. მე მივიღე მონაწილეობა შემთხვევის ადგილის გაყალბებაში. აქ დაიკითხა იმ დროს დაკავებული ვინმე ბართაია და მან თქვა, რომ მე ჩავუდე იარაღი. ეს სიმართლეა. როცა ის დაწვენილი წამოაყენეს, ხელყუმბარა ჩამოუვარდა, ავიღე მე და ჩავუდე”, – განაცხადა ბაქრაძემ.

გარდა ამისა, ზაზა ბაქრაძემ გურამ დონაძისა და ზურაბ მიქაძის მიერ მისი ოჯახის მიმართ შანტაჟის მცდელობაზეც ისაუბრა.

“გურამ, მობრძანდით ჩემთან საკანში, ერთი ადგილი თავისუფალია და ვიკამათოთ რამდენიც გინდათ”, – მიმართა დონაძეს ზურაბ ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები