ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები – ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.
დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.
ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.
ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანადებობის დაკავების უფლება.
ზაზა ბაქრაძე ერთადერთი იყო, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა და აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილი იყო და ამაში მასაც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ამ დროისთვის გაურკვეველი ნივთი ისროლა, რომელიც საქმის პროკურორ დავით მეფარიძეს თავში მოხვდა. ამ წუთებში დარბაზში ექიმია მიყვანილი.
ამასთან, ერთ-ერთ ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც სასამართლომ სხვა პირების მსგავსად დამნაშავედ ცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, დაკავებულების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.