LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულისამაჩუყებელი ტრადიცია: ვისენტე კალდერონზე ყვავილები არ აკლდება (ვიდეო)

ყველაფერი 1995 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი გახდა და კლუბის პრეზიდენტ ხესუს ხილს სატრანსფერო სურვილები გაანდო. სიის გადაკითხვისას ექსცენტრიულ ბოსს ხარხარი აუტყდა.
– მილინკო პანტიჩი, 29 წლის, „პანიონისი“, საბერძნეთის ჩემპიონატი.

„ატლეტიკოს“ არცერთმა მენეჯერმა ეს თხოვნა სერიოზულად არ აღიქვა. ყველას ეგონა, რომ ანტიჩი ძველ მეგობარს უბრალოდ კარგ სამსახურს „უჩითავდა“. მაგრამ მწვრთნელი არ დანებდა, პანტიჩის თამაშის ვიდეოკასეტაც იშოვა და ყველა დარწმუნა, რომ არ ინანებდნენ.
კლუბის პრეზიდენტი დათანხმდა, თანაც მწვრთნელს შეუთანხმდა, რომ თუ ფეხბურთელი ჩაფლავდებოდა, ხარჯებს ანტიჩის ანაზღაურებიდან დაფარავდნენ.

პანტიჩი მშვენივრად ათამაშდა. გოლებიც გაქონდა, საგოლე პასებსაც ხშირად არიგებდა, სტანდარტულებს მას ანდობდნენ და ასე დაეხმარა სერბი „ატლეტიკოს“ ჩემპიონი გამხდარიყო, ხოლო ესპანეთის თასის ფინალში „ბარსელონას“ ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი სწორედ მან გაუტანა.
ოქროს დუბლი კარგია, მაგრამ ისტორიისთვის არასაკმარისი. პანტიჩს ბედნიერი შემთხვევა დაეხმარა.

1996 წლის 28 იანვარს „ატლეტიკოს“ ერთი ჩვეულებრივი გულშემატკივარი მარგარიტა ლუენგო, როგორც ყოველთვის, მატჩამდე ბარში მეგობრებთან ერთად მუსაიფობდა. უცებ მან ფანჯარაზე მიხაკების თაიგული შეამჩნია და მენეჯერს გასძახა: მეგობარო, მომეცი 4 ცალი ყვავილი – სწორედ ამდენს გავუტანთ ბილბაოს. ხალხმა ტაში შემოსცხო, ადმინისტრატორმა კი სიხარულით დაუთმო მიხაკები.

„ყოველი გოლის შემდეგ ყვავილს მოედანზე ვისროდი. ჩვენ 4:1 მოვიგეთ, ასე რომ, ყველა ვისროლე. ორი გოლი „ატლეტიკომ“ პანტიჩის მოწოდებული კუთხურის შემდეგ გაიტანა, ამიტომ მიხაკებს ალამთან ვისროდი“, – იხსენებს მარგარიტა.
მორიგი კუთხურის ჩაწოდებისას, პანტიჩმა ყვავილი გვერდზე უდიერად მოისროლა. მარგარიტამ ქაღალდის ნაგლეჯზე პატარა შეტყობინება დაწერა – ნუ ისვრით ასე ყვავილებს, ის ხომ თქვენთვისაა – და წერილი მოთამაშეს კლუბის თანამშრომლის მეშვეობით გადასცა.
პანტიჩს იმდენად აუჩუყდა გული, რომ ამ ქალბატონის სახლის ტელეფონის ნომრის გაგება ითხოვა. რამდენიმე დღის შემდეგ მან მართლა დაურეკა და ბოდიში თხოვა. მომდევნო მატჩისას კი მაისურაც აჩუქა.

მას შემდეგ „ატლეტიკოს“ ყველა საშინაო მატჩისას, კუთხურის ალამთან ყოველთვის დევს 24 მიხაკი – 12 წითელი და 12 თეთრი, კლუბის ფერების მიხედვით. ამ ტრადიციას მალე 20 წელი უსრულდება, დონია მარგარიტას კი ყვავილების სროლა დიდი ხანია აღარ სჭირდება. მას პატივით უშვებენ მოედანზე.
ყვავილები კუთხურის ალამთან „ვისენტე კალდერონისთვის“ განსაკუთრებული ფასეულობაა.

 

 

rue7cee40b9e0

o_atletico_de