ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია Gulf Air, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.
კერძოდ, 19 ივნისიდან 11 სექტემბრამდე, Gulf Air ბაჰრეინი-თბილისი-ბაჰრეინის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს კვირაში 5 სიხშირით შეასრულებს, ნაცვლად 3 სიხშირისა. ფრენები ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა 30 მაისს მიენიჭა.
ცნობისთვის, Gulf Air ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის მქონე ავიაკომპანიაა, რომელიც ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან 40-ზე მეტ საერთაშორისო მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.